Thumbnail
  • თელ ავივის გრანდ სლემის მესამე დღეს ტატამიზე 6 ძიუდოისტი გავიდა
  • ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლები მოიგეს

თელ ავივის გრანდ სლემის მესამე დღეს ფინალში ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა, ხოლო კიდევ ორმა ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. მესამე დღეს საქართველოს ღირსებას სულ 6 ქართველი იცავდა, თუმცა სოფია სომხიშვილი (+78 კგ) და უშანგი მარგიანი (-90 კგ) ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ. მარგიანმა აზერბაიჯანელ რუფატ ისმაილოვს აჯობა, რის შემდეგაც ნემანია მაიდოვთან დამარცხდა, ხოლო სომხიშვილმა პირველივე ბრძოლა ბრაზილიელ კამილა იამაკავასთან დათმო.

ფინალში ილია სულამანიძე (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავიდნენ. ილიამ ფინალამდე სტანსილავ ბანჩუკი (ისრაელი), ედუარდ სერბანი (რუმინეთი) და ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი) დაამარცხა. ილიას მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში ნიდერლანდელი მიქაელ კორელი იყო, რომელსაც სულამანიძემ იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე ბრინჯაოს მედლისთვის ზელიმ კოცოევთან სამი შიდოთი დამარცხდა.

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა ბეკმუროდ ოლტიბოევს (უზბეკეთი), მუნხჯარგალს (მონღოლეთი), თემურ რახიმოვს (ტაჯიკეთი) აჯობა და ფინალში რაფაელ სილვას სამი შიდოს უპირატესობით აჯობა.

ამ წონაში ონისე ბუღაძეც ასპარეზობდა, რომელმაც ნახევარფინალი რაფაელ სილვასთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ავსტრიელ სტეფენ ჰეგის წინააღმდეგ წააგო.

საქართველომ თელ ავივის გრანდ სლემი 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები