Thumbnail
  • გერმანული მედია წერს, რომ ბაიერნს რაიან გრავენბერხის გადაბირება სურს
  • ნიდერლანდური პრესის ცნობით, აიაქსის ფეხბურთელი თანახმაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

ორიოდე დღის წინ, გერმანული სპორტული მედია წერდა, რომ მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულისთვის ამსტერდამის აიაქსის ტალანტის, რაიან გრავენბერხის გადაბირება გადაწყვიტა. ამის შესახებ თითქმის ყველა სერიოზულმა გერმანულმა გამოცემამ დაწერა. ახლა კი, ნიდერლანდური გაზეთი Algemeen Dagblad იტყობინება, რომ ცენტრალური ნახევარმცველი ტრანსფერზე თანახმაა.

ხსენებული გამოცემის ცნობით, 19 წლის გრავენბერხმა რეკორდმაისტერს უკვე მისცა სიტყვიერი თანხმობა და მზადაა, ზაფხულში მიუნხენური გრანდის ფეხბურთელი გახდეს. ამავდროულად, კიდევ ერთი ნიდერლანდური გამოცემა Telegraaf წერს, რომ ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ფეხბურთელის აგენტს უკვე კონკრეტული შეთავაზებითაც მიმართა, რომელზეც ასევე თანხმობა მიიღო.

აიაქსი ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ითხოვს და ბაიერნი მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს. გრავენბერხს აიაქსთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, გახანგრძლივებაზე წამოწყებულმა მოლაპარაკებებმა კი შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც აიაქსიც მზადაა, რომ ზაფხულში ფეხბურთელი გაუშვას - თუკი მასში 30 მილიონს გადაიხდიან. სწორედ ზაფხულში ექნება აიაქსს ბოლო შანსი, რომ გრავენბერხის ტრანსფერით ფინანსური სარგებელი ნახოს და 2023 წელს უფასოდ არ დაკარგოს.

ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მომავალი სეზონიდან რაიან გრავენბერხი ბაიერნის ფეხბურთელი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 19 წლისაა, ის ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბაიერნს გრავენბერხი პირველ რიგში კორენტენ ტოლისოს შემცვლელად სჭირდება, რომელიც ზაფხულში რეკორდმაისტერს დიდი ალბათობით დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები