Thumbnail

სამწლიანი პაუზის შემდეგ - უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • U20 საქართველო პრესტიჟულ ტურნირზე 2023 წელს გამოვა
  • ეს ჩვენი გუნდისთვის ზედიზედ მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამწლიანი (2020-2022) იძულებითი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა ორი მასშტაბური ტურნირი 2023 წლიდან აღდგება. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

2023 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ითამაშებენ: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და უელსი.

2023 წლის ალაფაზე 8 გუნდს ვიხილავთ, მათ შორის შოტლანდიას, რომელიც ჩემპიონატიდან 2019 წელს დაქვეითდა. მისი კონკურენტები იქნებიან მასპინძელი ქვეყნის ნაკრები და რეგიონალური შესარჩევი ეტაპების გამარჯვებულები. ტურნირების მასპინძლები და მათი ჩატარების ზუსტი ვადები მოგვანებით დადგინდება.

“ჩვენი განვითარებისთვის ამ ტურნირში თამაში უმნიშვნელოვანესია. იმ თაობამ, რომელიც ახლა ბორჯღალოსნებშია, სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღო გამოცდილება და ბევრი რამ ისწავლა. ბოლო სამი წელი ჩავარდნა იყო. ჩვენი ძალებით გამოვდიოდით სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ტურნირებში, თუმცა ექვსი ერის გუნდებისგან განსხვავებით, არ გვქონია სტაბილურად თამაშის შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან მორაგბე უკვე ახლოსაა ეროვნულ ნაკრებთან. ამდენად, 20-წლამდელთა ჩემპიონატის აღდგენა ძალიან მიხარია“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს 2019 წელს ჩატარდა, მას მერე კი, პანდემიის გამო, მისი მუდმივად გადადება ხდებოდა. ტურნირისთვის წილისყრაც ჩატარებული იყო და უმცროს ბორჯღალოსნებს B ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა, ახლა როგორ იქნება, უცნობია. ცნობისთვის, U20 საქართველო პრესტიჟულ შეჯიბრზე ზედიზედ მეხუთედ გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები