- ახალი წლის საღამოს ომარ ელაბდელაუი ფეიერვერკის გამო ლამის დაბრმავდა
- 30 წლის მცველი მოედანს 1-წლიანი პაუზისა და 11 ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა
31 დეკემბერი, ახალი წლის საღამო, გალათასარაისა და ნორვეგიის ნაკრების მცველი ომარ ელაბდელაუის სახლში ხალხმრავლობა იყო - მაგიდას გარს ოჯახი და მეგობრები ეტყა. ომარი 3 შვილის გასამხიარულებლად ნაყიდი პიროტექნიკით აივანზე გავიდა, 2 ფეიერვერკი უპრობლემოდ ისროლა, მესამე კი მის სახესთან ნაადრევად აფეთქდა.
"ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს ვხედავ," - იყვირა ფეხბურთელმა. დენთის ნარჩენები თვალებში ჩაუცვივდა, ქურთუკს ცეცხლი მოეკიდა…
"ვიფიქრე, თვალში რაღაც ჩამივარდა და უნდა ამოვიღო მეთქი. მერე კი ვიგრძენი, რომ მთელი სახე მეწვოდა, ირგვლივ კი ყველაფერი გაშავდა," - თქვა ომარმა The Guardian სთვის მიცემულ ინტერვიუში.
გადაჭედილ სტამბულში, საავადმყოფომდე მისვლას დიდი დრო დასჭირდა. იქ თანაგუნდელები და ჟურნალისტები დახვდნენ. ელაბდელაუი ვერაფერს ხედავდა, ყურებში კი აფეთქების ხმა ჩაესმოდა. თითქოს კარიერაც დასრულდა… მაგრამ ასე არ მოხდა, გასულ კვირაში წელიწადზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, იქამდე კი ჯოჯხეთის გავლა მოუხდა.
ომარის ისტორია მედიაში სწრაფად გავრცელდა, ამის მიზეზი კი სასწრაფო დახმარების სანიტრის მიერ სოციალურ ქსელში დადებული რთულად სანახავი ფოტო იყო. ოჯახმა იმ სანიტრის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა, ფეხბურთელმა მხოლოდ ბოდიში, თუმცა ექიმს ისიც არ მოუხდია...

საავადმყოფოში გალათასარაის მწვრთნელი ფატიჰ ტერიმი და კაპიტანი არდა თურანი მივიდნენ. ომარის სახე ისე გამოიყურებოდა, რომ ვერც ძმამ იცნო და ატირებული კლინიკის იატაკზე დაეცა…
"მარცხენა თვალს კიდე არა უშავდა, მარჯვენა კი ძალიან მძიმედ იყო. მარცხენით სინათლე რამდენიმე დღის შემდეგ აღვიქვი. მას მერე დაძინებისა და სიბნელის მეშინოდა, მეგონა, რომ თვალს ვეღარ გავახელდი," - ჰყვებოდა ფეხბურთელი.
თავიდან ფეხბურთში დაბრუნებაზე საუბარი არც მიდიოდა, მთავარი იყო, ომარი დაბრმავებისაგან ეხსნათ. აგენტთან ერთად ცინცინატში გაფრინდა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ექიმ ედვარდ ჰოლანდთან, რომელმაც მხედველობის აღდგენის შანსები 5-10%-ით შეაფასა და თქვა, 35-წლიან კარიერაში ასეთი შემთხვევა არ ენახა და ისეთ რთულ მდგომარეობაში ავღანეთში ბომბზე აფეთქებული სამხედროც არ იყო.
10 ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და მარცხენა თვალში მხედველობა დაუბრუნდა, ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი, მე-11 ოპერაციის ჯერი დადგა - ახლა კი ომარის დის ღეროვანი უჯრედები ფეხბურთელის მარჯვენა თვალში უნდა გადაენერგათ.

"როცა პალატაში მარტო რჩები, შენ გარშემო კი ისევ სიბნელეა, ძნელია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. როცა საერთოდ ვერაფერს ვხედავდი და ვიაზრებდი, რომ ცხოვრება დამენგრა, მიზნების მისაღწევ დისციპლინას მაინც ვინარჩუნებდი. შეიძლება საკუთარ თავზე გავბრაზებულიყავი, მთელი ღამე მეტირა, სულიერად დავცემულიყავი, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებდი, რაც უნდა მექნა," - ამბობს მცველი, რომელიც ექიმმა ჰოლანდმა საკუთარ კარიერაში ყველაზე მიზანმიმართულ პაციენტად შეაფასა, ჩვენი მითითების შემთხვევაში ცეცხლოვან ლავაშიც კი ჩახტებოდაო…
ომარს კლინიკაში ყოფნისას, ოპერაციებს შორის შუალედში, NHL-ის კლუბ ცინცინატის ფინტნეს მწვრთნელი ავარჯიშებდა. გამოწერის შემდეგ კი გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო. ახლა ელაბდელაუი ყოველ თვალის სპეციალურ წვეთებს ყოველ ნახევარ საათში იყენებს და კონტაქტური ლინზებით შექმნილი სპეციალური სათვალეებით თამაშობს. ომარმა ფორმის დაბრუნება სწრაფად მოახერხა, რადგან აშშ-ში ყოფნისას ფიზიკური აქტივობა არ შეუწყვეტია. მთავარი, კი ცხადია, მაინც მხედველობის დაბრუნება იყო.
"რაღაც წარმოუდგენელი გახდათ, სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. სპეციალური სახვევი მოვიხსენი და ოდნავ რაღაც დავინახე. დავხუჭე მარცხენა თვალი და საკუთარი ხელი გავარჩიე. ეს ჩემთვის საოცრება იყო, ახდენილი ოცნება. ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენთ, რომ მხედველობა ოცნებად შეიძლება იქცეს, უბრალოდ არც კი გვესმის, ეს რამდენად სასიცოცხლოა," - თქვა ნორვეგიელმა.
1 წლისა და 2 თვის შემდეგ ელაბდელაუი მოედანს დაუბრუნდა. გალათასარაიმ გასვლაზე გიოზტეპე დაამარცხა, ომარმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.
კომენტარები