Thumbnail
  • 📅 24 თებერვალი | ⌚ 19:00 | 🏀 საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
  • მეტოქეებმა მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობების შეკრება ვერ მოახერხეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 24 და 27 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩები ელის, რომლებსაც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ადგილების გადანაწილების მხრივ დიდი მნიშვნელობა ექნება.

გუნდებმა შესარჩევი ეტაპი გასული წლის ნოემბერში გახსნეს და ილიას ზუროსის ბიჭებმა უკრაინას ძალიან პრინციპული შეხვედრა 88:83 მოუგეს, ესპანეთთან კი შანსი აღარ ჰქონიათ – 61:89. თავის მხრივ, წარუმატებელი ფანჯარა ჰქონდათ ჩრდილოეთ მაკედონიელებს, რომელთაც ორივე შეხვედრა წააგეს: 65:94 – ესპანეთთან და 61:78 – უკრაინასთან.

მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის და ცხადია, რომ მაკედონიელებისთვის ეს, ფაქტობრივად, ბოლო შანსია საგზურს ჩაეჭიდნონ. თავის მხრივ, მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება საქართველოს ნაკრებს, რომელიც მომავალ თამაშებზე არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება, თუმცა, მაინც ფავორიტად მიიჩნევა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზუროსის გუნდს ამჯერად თამაში კაპიტნის თორნიკე შენგელიას გარეშე მოუწევს. მოსკოვის ცსკას ქართველ მძიმე ფორვარდს ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა და ესეც რომ არა, მისი ნაკრებში ჩამოსვლა სათუო გახლდათ, რადგანაც ზუსტად 24 და 27 თებერვალს რუსულ გრანდს ევროლიგის მატჩები ელის. თუ რამხელა ძალაა შენგელია ნაკრებისთვის, უკრაინასთან მატჩშიც გამოჩნდა, როდესაც 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები ამჯერად თორნიკე შენგელიას გარეშე ითამაშებს

ნაკრების განაცხადში არ არის ბეტისის ფორვარდი ბექა ბურჯანაძე, ისევ ტრავმირებულია გიორგი ცინცაძე, ხოლო აშშ-ში მოთამაშე კალათბურთელები რომ საკვალიფიკაციო თამაშებზე ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, უკვე ძველი ამბავია. არადა, წარმოიდგინეთ რამხელა ძალა შეემატებოდა ნაკრებს გოგა ბითაძის, სანდრო მამუკელაშვილის, რატი ანდრონიკაშვილისა და თუნდაც NCAA-ში მოთამაშე სხვა ლეგიონერების სახით.

ნაკრებს დაუბრუნდა, თუმცა, სასურველი ფორმისგან ჯერაც შორსაა დუდა სანაძე, ამ ფონზე კი, უდავოა, რომ ლიდერობის განაწილება ესპანეთში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს მოუწევთ. საუბარია ლენოვო ტენერიფეს ცენტრ გიორგი შემადინსა და მურსიას უკანახაზელ თად მაკფადენზე, რომელიც ნატურალიზებული ამერიკელის რანგში თამაშობს, თუმცა, ნაკრებში ჩამოსვლისთვის მუდმივად მზადაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან შეხვედრაში შერმადინმა 23 ქულა ჩააგდო, ესპანეთთან კი 21 ქულას 9 მოხსნა წაამატა. მაკფადენი განსაკუთრებით შთამბეჭდავი უკრაინელთა წინააღმდეგ იყო, როდესაც 7 სამქულიანი სტყორცნა ზუსტად და თავი 27 ქულასა და 9 პასს მოუყარა. ესპანეთში მისი მონაგარი 14 ქულა იყო.

ბილეთები საქართველო vs ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე შეიძინეთ ➡️ www.tkt.ge/basketball -ზე 🏀 ბილეთის ფასი – 20 ლარი....

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on Tuesday, February 22, 2022


საქართველოს ნაკრების მსგავსად, შემადგენლობაში დიდი პრობლემები აქვს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს, რომელიც თბილისში 2 ლეგიონერის ამარა ჩამოვიდა, დანარჩენები კი არცთუ ძლიერ ეროვნულ ჩემპიონატს წარმოადგენენ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მაკედონიელები მომავალ მატჩზე მთავარი მწვრთნელის გარეშე წარსდგებიან. დრაგან ბაიჩს უშუალოდ საქართველოში წამოსვლის წინ დაუდასტურდა კოვიდი და დასკვნით ვარჯიშზე გუნდის გაყვანა მის თანაშემწეებს – ალეკსანდრ იონჩევსკისა და ადმირ პრასოვიჩს მოუწიათ.

მთავარი დანაკლისი ესპანური ვალენსიას უკანახაზელი ნენად დმიტრიევიჩია, რომელიც სკოპიეში დარჩა და როგორც თავად განაცხადა, დიდი სურვილი აქვს საქართველოს წინააღმდეგ საშინაო მატჩში მაინც ითამაშოს. ამას გარდა, ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდნენ ბობან სტაიჩი, სტოიან გუროსკი, დამიან სტოიანოვსკი და ანდრეი მაგდევსკი. ამ ფანჯრისთვის ვერ მოხერხდა ლეგიონერების ჩამოყვანა NCAA-დან. საუბარია ლუკა სავიჩევიჩსა (აღმოსავლეთ მიჩიგანი) და ანდრეი იაკომოვსკიზე (ვაშინგტონ სტეიტი).

Сениорите се веќе во Тбилиси, каде утре попладне, од 16.часот, против Грузија, ќе го играат натпреварот од третото коло...

Posted by Кошаркарска Федерација на Северна Македонија on Wednesday, February 23, 2022


ამ ფონზე ჩრდილოეთ მაკედონიელთა ლიდერად ნატურალიზებული ამერიკელი ფორვარდი/ცენტრი ჯეიკობ ვილი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ბეტისში ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელია. როგორც აღვნიშნეთ, ეს უკანასკნელი ამჯერად ეროვნულ გუნდში არ იმყოფება, ამდენად, საინტერესო იქნება ვილის დაპირისპირება გიორგი შერმადინთან. მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში ჯეიკობს ესპანეთთან 10 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა, ხოლო უკრაინასთან – 12 ქულა და 9 მოხსნა.

უდავოდ საინტერესო იქნება დაკვირვება მაკედონიელთა ტალანტ ტეოდორ სიმიჩზე. 18 წლის ცენტრს ბარსელონაში თამაში იშვიათად უწევს, თუმცა, იგივე ესპანეთთან შეხვედრაში 16:00 წუთში 18 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია ნაკრებში 34 წლის ვეტერანის ვოიდან სტოიანოვსკის დაბრუნებაც, რომელსაც გერმანულ, თურქულ, ესპანურ და ფრანგულ კლუბებშიც უთამაშია, მიმდინარე სეზონისთვის კი მშობლიურ სკოპიეს დაუბრუნდა.

სხვათა შორის, სტოიანოვსკი ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 2015 წლის ევრობასკეტზე გამართულ მატჩშიც უთამაშია. ის მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 90:75 მოიგო, ვოიდანმა კი 4 ქულა ჩააგდო. საქართველოს იმ შეხვედრიდან განაცხადში 2 მოთამაშე ეყოლება: შერმადინი და სანაძე (ორივე 6-6 ქულა). ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ქართველ კალათბურთელებს მაკედონიელთა წინააღმდეგ ჩვენთვის სადებიუტო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზეც უთამაშიათ და მაშინ მეტოქემ 65:63 იმარჯვა.

საქართველო: ოთარ ფხაკაძე, გიორგი კორსანტია, აკაკი დვალიშვილი (ყველა – ქუთაისი), კახაბერ ჯინჭარაძე, გივი ბაქრაძე, ილია ლონდარიძე (ყველა – ოლიმპი), გიორგი შერმადინი (ლენოვო ტენერიფე, ესპანეთი), დუდა სანაძე (ბორაცი, სერბეთი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), ბექა ბექაური (ბათუმი). 

ჩრდ. მაკედონია: ბოიან კრსტევსკი, კრისტიან ნიკოლოვი, ვოიდან სტოიანოვსკი, დამიან რობევი (ყველა – სკოპიე აეროდრომი), ანდრეი მიტრევსკი (ფენიკს 2010), მაკსიმ მიტევსკი (სკოპიე უნი ბანკა), პაველ დანაილოვსკი, ვალმირ კაკრუკი (ორივე – რაბოტნიჩკი), ტეოდორ სიმიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), ანდრეი მასლინკო (ტფტ), ჯეიკობ ვილი (ბეტისი, ესპანეთი), ვიკტორ ეფრემოვსკი (გოსტივარი).

კომენტარები

ბოლო ამბები