Thumbnail
  • საქართველო 91:70 ჩრდ. მაკედონია
  • ილიას ზუროსის გუნდი მდევრის როლში ერთხელაც კი არ ყოფილა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკავიო ციკლში მე-3 მატჩი ჩაატარა და ჩრდილოეთ მაკედონიას 91:70 სძლია.

გუნდები ამ შეხვედრას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ და საგრძნობი დანაკლისი ჰქონდათ, თუმცა, ილიას ზუროსის გუნდი მაინც ფავორიტად მიიჩნეოდა და საბოლოოდ, ეს სტატუსი გაამართლა კიდეც.

გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, თად მაკფადენი, გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე გამოჩნდნენ და მატჩი სწორედ ამ უკანასკნელის სამქულიანით გაიხსნა. მასპინძლები დაწინაურდნენ და როგორც შემდგომში გაირკვა, მდევრის როლში არც არასდროს ყოფილან.

მოლოდინისამებრ, ლიდერობა შერმადინმა და მაკფადენმა აიღეს, რომელთაც უკვე შესვენებისთვის სოლიდური მაჩვენებლები ჰქონდათ: მურსიას უკანახაზელს 18 ქულა და 6 მოხსნა, ხოლო ლენოვო ტენერიფეს ცენტრს – 14 ქულა 6 მოხსნა. 

თად მაკფადენმა 26 ქულა ჩააგდო

ამ ფონზე აშკარად ჩრდილში იყვნენ მაკედონიელთა ლეგიონერები. ესპანურ ბეტისში ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელმა ჯეიკობ ვილიმ ტაიმში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, ბარსელონას 18 წლის ტალანტმა ტეოდორ სიმიჩმა კი ერთადერთი ქულა მიითვალა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ნელ-ნელა იზრდებოდა და 19 ქულასაც კი უწია, ტაიმი კი 46:31 მორჩა.

მე-2 ტაიმის სტარტზე ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი გაქცევა (10:2) მოაწყვეს და თამაშში მაქსიმალური – 23-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 56:33. ამ დროს ისევ ხსენებული დუეტი აქტიურობდა, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კახაბერ ჯინჭარაძის გარჯაც, რომელიც დაცვაში ძალიან აქტიური იყო და შეტევაშიც არაერთხელ გამოიჩინა თავი.

გასაგები მიზეზის გამო, ტრიბუნებზე უკრაინის დროშებიც მრავლად იყო

თავისი ქულები აკრიფა დუდა სანაძემაც, რომელსაც კოვიდის გამო დიდი დრო გაუცდა და სასურველ ფორმას ახლაღა იბრუნებს. მისი სამქულიანები საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის ძალიან საჭირო იყო და გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა.

დასკვნით მეოთხედში ქართველი კალათბურთელების უპირატესობამ 25 ქულასაც კი უწია და მართალია, მეტოქემ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, თამაში ინერციითღა მიდიოდა. საბოლოოდ, საქართველომ 21 ქულის სხვაობით იმარჯვა, ყველაზე შედეგიანები კი მაკფადენი (26 ქულა) და შერმადინი (20 ქულა, 15 მოხსნა) იყვნენ. ვილიმ მატჩი 8 ქულით დაასრულა, სიმიჩი იმ ერთადერთ ქულას დასჯერდა, სტუმართაგან კი ყველას ვეტერანმა ვოიდან სტოიანოვსიმ აჯობა 15 ქულით.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 27 თებერვალს სკოპიეში ელის

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მეტოქეების სამიოდ დღეში ერთმანეთის წინააღმდეგ დადგომა კიდევ ერთხელ მოუწევთ. 27 თებერვალს მატჩი მაკედონიელთა დედაქალაქ სკოპიეშია დაგეგმილი და თუკი საქართველოს ნაკრებმა ეს მატჩიც მოიგო, მსოფლიოს პირველობის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური, ფაქტობრივად, ჯიბეში ექნება.

საქართველო 91:70 (24:18, 22:13, 22:16, 23:23) ჩრდ. მაკედონია

საქართველო: ბერიშვილი (28 წ. 10 ქ. 4 მ. 6 პ.), მაკფადენი (37 წ. 26 ქ. 6 მ. 5 პ.), შერმადინი (31 წ. 20 ქ. 15 მ. 6 პ.), სანაძე (28 წ. 11 ქ. 4 მ.), ბოქოლიშვილი (16 წ. 4 ქ.); ჯინჭარაძე (26 წ. 12 ქ. 3 მ.), ბაქრაძე (14 წ. 7 პ.), ლონდარიძე (9 წ. 4 ქ. 5 მ.), ბექაური (12 წ. 4 ქ.).

ჩრდ. მაკედონია: ნიკოლოვი (17 წ. 8 ქ. 3 მ. 3 პ.), კრსტევსკი (26 წ. 11 ქ. 11 მ. 4 პ.), სტოიანოვსკი (29 წ. 15 ქ.), რობევი (31 წ. 13 ქ.), ვილი (28 წ. 8 ქ. 9 მ.); მიტევსკი (1 წ.), სიმიჩი (11 წ. 1 ქ.), კაკრუკი (3 წ.), ეფრემოვსკი (18 წ. 11 ქ.), მიტრევსკი (12 წ. 3 ქ.), დანაილოვსკი (11 წ.), მასლინკო (13 წ.).

კომენტარები

ბოლო ამბები