Thumbnail
  • 21 წლის ქართველი ფორვარდი წაგებულ მატჩში საუკეთესო იყო
  • მატჩის წინ სერენის ფეხბურთელებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს

ბელგიის ჟუპილერ ლიგის 29-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის სერენი სტუმრად ზულტე ვარეგემთან 0:1 დამარცხდა და ისედაც რთული სატურნირო მდგომარეობა გაირთულა. მატჩის წინ გუნდებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მაისურებით: "არა ომს! დავამყაროთ მშვიდობა". 

სერენი მატჩის წინ

მიუხედავად წარუმატებელი მატჩისა, მიქაუტაძემ ერთ ეპიზოდში ფინტების კასკადით ბელგიური მედიის ყურადღება მიიპყრო - à la Zizou ასე უწოდა გიორგის ფინტს WALFOOT-მა. "გიორგი მიქაუტაძემ ზულტეს წინააღმდეგ ტექნიკური ფინტების ფესტივალი მოაწყო. სერენმა ამ მატჩში ყველაფერი სცადა, მაგრამ 0:1 დამარცხდა. ასე რომ, ამ გუნდს დიდი ალბათობით, არ აცდება პლეი ოფში თამაში ადგილის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, სერენის 9-იანი მოედანზე საუკეთესო იყო ორივე გუნდში. მან რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, ერთხელ კი პატარა სოლო ფერმონმანსი მოაწყო ზიდანის სტილში. ფეხბურთელი, რომელიც ძალიან დააკლდება სერენს, როცა მეცს დაუბრუნდება", - წერს საიტი. voetbalprimeur.be: "მიქაუტაძემ ფინტებით ზიდანის მოძრაობები გაიმეორა, ეს უბრალოდ ჯადოქრობაა". 


"მიქაუტაძის ჯადოქრობა ბურთით", - ასე უწოდა ეპიზოდს ტელეკომპანია Eleven Sports-მა. whoscored.com-მა მიქაუტაძის თამაში ნულზე წაგებულ შეხვედრაში 6.82 ბალით შეაფასა. მან ორჯერ დაარტყა კარისკენ და 2 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა, რომელთაც, წესით, გოლი უნდა მოჰყოლოდა. 3 წარმატებული დრიბლინგი კი მატჩის საუკეთესო შედეგია. ერთხელ ბურთი ქართველმა ფორვარდმა ძელს გაარტყა. საშუალოდ 3.3 დარტყმით თამაშში 21 წლის ფეხბურთელი ჟუპილერ ლიგაში მე-3 პოზიციაზეა. საშუალოდ 1.7 წარმატებული დრიბლინგით კი - მე-6 ადგილზე. 

სერენს 26 იანვრის შემდეგ არ მოუგია (1 ფრე, 4 მარცხი) და, რაც მთავარია, გოლიც არ გაუტანია. ბოლოს სწორედ გიორგიმ გაიტანა სერენის მაისურით. მას ჟუპილერ ლიგაში 28 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები