Thumbnail

ბოსტონთან გამარჯვების შემდეგ, ინდიანა პეისერსი აუტსაიდერ ორლანდოსთან დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ, გოგა ბითაძეს ჰქონდა კარგი მატჩი.

ჰიუსტონ როკეტსთან საშინელი თამაშის შემდეგ, რომელშიც 6 დაკარგვა და 6 ფოლი სულ რაღაც 14 წუთში მოასწრო, ჯეილენ საგსმა ხასიათი ინდიანა პეისერსთან შეხვედრაში გამოიკეთა: გოგა ბითაძის გუნდის წინააღმდეგ მან 14 ქულა ჩააგდო (5/9), 10 ასისტიც გააკეთა და მხოლოდ 2 დაკარგვა ჰქონდა.

მასზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დაბრუნება გამოუვიდა მარკელ ფულცს, რომელმაც 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ NBA-ში პირველად ითამაშა! 10 ქულა (5/7) და 6 პასი 16 წუთში მისთვის სეზონის კარგი დებიუტია.

ბითაძე: 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება

უენდელ კარტერმა ორმაგი დუბლი (21 ქულა, 8/10, 12 მოხსნა) პირველსავე ტაიმში გაიფორმა, ასევე ორმაგი დუბლია მო ბამბას (15 ქულა, 10 მოხსნა) აქტივში. 

არადა, თავიდან ინდიანა დაწინაურდა და პირველ ტაიმში მცირე უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა ტაიმი მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მესამე პერიოდიდან ორლანდომ უკვე სერიოზული უპირატესობის მოპოვება შეძლო, რასაც ინდიანამ ვერაფერი დაუპირისპირა. მეჯიქს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ტაირიზ ჰალიბერტონი უწევდა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო (7/13) და 7 ასისტიც მიითვალა, თუმცა 6 დაკარგვაც ჰქონდა (პეისერსის კალათბურთელებს ჯამში 21 დაკარგვა დაუგროვდათ). ბადი ჰილდის აქტივში 18 ქულა და 6 პასია.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა “სკამიდან” 21 წუთი ითამაშა და ამ დროში 11 ქულის დაგროვება შეძლო. ინდიანას ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 სროლა ჩააგდო, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო. გოგას 3 მოხსნა ჰქონდა და სამივე დაცვაში, ასევე 2 პასი. მის აქტივშია 2 დაფარებაც, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

63 მატჩის შემდეგ, 21 გამარჯვებით და 42 მარცხით ინდიანა დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, ორლანდოს კი 15 მოგება აქვს და ბოლო პოზიციაზე იმყოფება. პეისერსი მომდევნო შეხვედრასაც ორლანდოში გამართავს - 3 მარტს.

კომენტარები

ბოლო ამბები