- საუბარია ფიგურულ სრიალზე, ციგურებით რბოლასა და შორტ-ტრეკზე
- დღე არ გავა რუსულმა სპორტმა ახალი დარტყმა არ მიიღოს
ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) გადაწყვეტილება მიიღო მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს ჩამოაშოროს რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. აღნიშნული ორგანიზაცია არაერთ სპორტის სახეობას კურირებს. ესენია შორტ-ტრეკი, ციგურებით რბოლა და ფიგურული ციგურაობა.
უდავოა, რომ რუსებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა ბოლო სახეობიდან მოკვეთა იქნება. რუსული გუნდი ფიგურულ სრიალში ძალიან ძლიერია და ბოლო ოლიმპიადაზეც არაერთი მედლის მოპოვება მოახერხა, ახლა კი, მხოლოდ შიდა ასპარეზობებზე გადართვა მოუწევს.
“ISU-ს საბჭო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებს. ყველა ჩვენი ფიქრი უკრაინასთანა და მის ხალხთანაა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ისუ აჩერებს რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისა და მათი ოფიციალური პირების დაშვებას საერთაშორისო ტურნირებზე. ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებზეც ვიფიქრებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამად მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს სხვადასხვა სანქციები დაადეს და ძალიან აქტიურია სპორტული საზოგადებაც. დღე არ გავა, რომ აგრესორი ქვეყანა რომელიმე სპორტულ ღონისძიებას არ ჩამოაშორონ.
კომენტარები