Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების სამხრეთაფრიკელი მწვრთნელები, დიკ მუირი და მისი ასისტენტი გრანტ ბეშფორდი თურქეთში ჩარჩნენ, სადაც რუსეთის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის ამზადებდნენ. გუშინდლამდე ისინი "დათვების" მწვრთნელებად ითვლებოდნენ, სანამ მსოფლიო რაგბი რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის დასჯიდა. რუსეთის ნაკრები მოკვეთილია ყველა საერთაშორისო ტურნირიდან, ხოლო რუსეთის რაგბის ფედერაციას მსოფლიო რაგბის წევრობა შეუჩერდა. ყველასგან მიტოვებული მწვრთნელები თურქეთში სამხრეთაფრიკულმა IOL Sport-მა მოინახულა. 

რუსეთის ნაკრები კი სამშობლოში დაბრუნდა, ამ გუნდს კარგა ხანი აღარ მოუწევს რაგბის თამაში. ბეშფორდი გაყინული თურქეთიდან სამშობლოში მიემგზავრება, დიკ მუირს კი საკუთარი მომავლის გასარკვევად მოსკოვში ჩასვლა სურს.

რუსეთის ნაკრების სამხრეთაფრიკელი მწვრთნელები უმუშევრები დარჩნენ

დიკ მუირი: "რაგბი ევროპის ჩემპიონატში მატჩები უნდა გვეთამაშა. გვქონდა იმედი, რომ ყველაფერი ისე გადაწყდებოდა, რომ თამაშის უფლება გვექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ბიჭებს ძალიან დაწყდათ გული, მათი მთელი ძალისხმევა შეალიეს, ახალ სათამაშო სტილზე გადასვლას. მათ ყველაფერი კარგად შეითვისეს და ნაკრებში იყო ალალი რწმენა, რომ ბოლო 29 წელიწადში პირველად შევძლებდით საქართველოს დამარცხებას. 

ბევრს არ ესმის, რა არის ომი, ეს პოლიტიკაა - უბრალო ხალხი ამას ვერ იაზრებს. უკრაინაში და რუსეთში ერთმანეთში ხალხს ბევრი ნათესავი ჰყავს. ჩვენთან ერთად შეკრებაზე, სანამ ომი დაიწყებოდა, უკრაინელებიც ვარჯიშობდნენ და მორაგბეებს შორის ურთიერთგაგება იყო. ერთად ვსადილობდით უკრაინელებთან. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დამთავრდა.

საქართველო ჩვენი უმთავრესი მოწინააღმდეგეა. სპეციალურად ვემზადებოდით, რომ თბილისში 50 ათასი ქართველის წინაშე "ბორჯღალოსნების" დამარცხება გვინდოდა. ეს უბრალოდ ფანტასტიკური იქნებოდა რუსული რაგბისთვის.

ბოლო თვეებში ბევრი რამ შევცვალეთ, პირველ რიგში თამაშის ტემპი, რადგან რუსეთის ჩემპიონატში მორაგბეები ძალიან ნელი ტემპით თამაშობენ. ვაკვირდებოდი, რომელი მორაგბეები შეძლებდნენ მაღალ ტემპში ჩემი დავალებების შესრულებას. ბიჭებს დიდი პოტენციალი აქვთ, რუსი მორაგბეები ძალიან გვანან აფრიკელებს - ფიზიკურად ძლიერები და არ ერიდებიან კონტაქტს. ისინი ძალიან მონდომებულები იყვნენ". 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შედეგად, მსოფლიო სპორტის ორგანიზაციებმა რუსეთის იზოლაცია დაიწყეს. 1-ელ მარტს მსოფლიო რაგბიმ რუსული და ბელარუსული რაგბი მოკვეთა. შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატში 5 ნაკრები დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები