Thumbnail
  • სუპერლიგის პროექტს განახლებული ფორმატით წარმოადგენენ
  • უეფას პრეზიდენტმა ამ საკითხზე ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა
  • ჩეფერინისთვის ანიელი "ფეხბურთის პუტინი და დიქტატორია"
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

სუპერლიგის პროექტმა გასული წლის გაზაფხულზე კრახი განიცადა, მაგრამ როგორც ჩანს, იუვენტუსის, რეალისა და ბარსელონას პრეზიდენტები, ანდრეა ანიელი, ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა არ ნებდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მალე სუპერლიგის ახალი პროექტის ფორმატს წარმოადგენენ, რასაც უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მან ძალიან მკაცრი ტონით ისაუბრა:

"სუპერლიგის პროექტი არც ისე ჭკვიანური იდეაა, ამას ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. დავიღალე ამ არასაფეხბურთო პროექტით. პირველად ეს იდეა პანდემიის შუაგულში გააჟღერეს, ახლა ომის დროს. ისინი პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში ჩვენ ფეხბურთელების გადასარჩენად ვმუშაობთ, მათ პროექტის ხელახალი ამუშავება სურთ. შეუძლიათ, ფული ნებისმიერს გადაუხადონ და თქვან, რომ ეს კარგი პროექტია, მაგრამ სინამდვილეში უაზრო იდეაა. სხვათა შორის, ერთ-ერთი მენეჯერი, რომელიც ახლა ისევ ამ პროექტს უჭერს მხარს, მანამდე ბოდიშებს მიხდიდა", - თქვა ჩეფერინმა.

სლოვენილი ამბობს, რომ მსურველებს შეუძლიათ თავიანთი ტურნირის შექმნა, მაგრამ მაშინ უეფას შეჯიბრებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ: "მათთვის ფანები უბრალოდ მომხმარებლები არიან, ჩვენთვის კი - გულშემატკივარი. უფრო მეტიც: საინტერესო ისაა, რომ ისინი უეფასა და ევროპული კლუბების ასოციაციას (ECA) აკრიტიკებენ და ერთ-ერთი მათგანი (ანიელი) ECA-ს პრეზიდენტი იყო სუპერლიგის პროექტამდე 1 კვირით ადრე. მათ შეუძლიათ, თავიანთი ტურნირი შექმნან და იქ ითამაშონ, ამას არავინ უკრძალავს, მაგრამ თუ მათ ეს სურთ, მაშინ ისინი ჩვენს ტურნირებში ვერ ითამაშებენ".

"არავის არაფერს ვუკრძალავათ, შეუძლიათ თავიანთი ტურნირი შექმნან, მაგრამ ჩვენს შეჯიბრებებში ვეღარ ითამაშებენ"

ჩეფერინი ანიელისთან მეგობრობდა, იტალიელი სლოვენიელის შვილის ნათლიაცაა, მაგრამ მათ შორის ახლა მტრული ურთიერთობაა, რაც ჩეფერინის ამ განცხადებიდან აშკარად იკითხება: "უზურპატორი, დიქტატორი, ფეხბურთის პუტინი, უსირცხვილო კაცია, ომმაც კი არ შეარბილა, სამარცხვინოა", - ამბობს უეფას შეფი იუვენტუსის ბოსზე.

ჩეფერინი და ანიელი მტრებად იქცნენ

ჩეფერინის თქმით, სუპერლიგასა და ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. მან ასევე ისაუბრა ფიფასთან დაპირისპირებაზეც:

"არა, ეს სულ სხვა რამაა. ჯერ კიდევ გასარკვევია, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვინც ამ ორ ტურნირზე ადარებს, არასერიოზულია. დღეს ჩემპიონთა ლიგაში 32 გუნდი გვყავს, მომავალში 36 გვეყოლება, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა სისტემით დავამატოთ 4 გუნდი. მეტი ადგილი იქნება საშუალო და მცირე ლიგებისთვის. ფიფასთან ვითარებას სუპერლიგას არ შევადარებდი. ფიფასთან ყოველდღიურად განვიხილავთ სიტუაციას - მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში არის პროექტი, რომელიც არავის უნდა. განვიხილეთ ეს ინფანტინოსთან და განვიხილავთ სხვა ვარიანტებსაც, დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით".

სუპერლიგის ახალ სკანდალზე კომენტარი ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც გააკეთა, რომელმაც ჩეფერინის მსგავსად ეპითეტად რუსეთის აგრესორი პრეზიდენტი მოიშველია: "სუპერლიგის კლუბები პუტინზე მეტს იტყუებიან, ეროვნულ ლიგებში ჩვენ ყველანი იდიოტები გამოვდივართ, რადგან ყველანი წინააღმდეგი ვართ. სუპერლიგის აღორძინების იდეით თავს დამცირებულად ვგრძნობ. ანიელი რეალის და ბარსელონას პრეზიდენტებს საკუთარ სახლში შეხვდა და ახლა ამბობენ, რომ სუპერლიგაში გარანტირებული ადგილი არავის ექნება. ისინი ფეხბურთს უზარმაზარ ზიანს აყენებენ".

აქვე გეტყვით, რომ ანდრეა ანიელი დღეს საღამოს ისაუბრებს და სავარაუდოა, რომ უეფას პრეზიდენტს მკვეთრ პასუხს გასცემს, ამასთან სუპერლიგის ახალ ფორმატს წარმოადგენს, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი იქნება: ტურნირში 20 გუნდი ითამაშებს, მაგრამ გარანტირებული ადგილი არავის ექნება და იქ თამაშის უფლებას შიდა ჩემპიონატების შედეგების მიხედვით მოიპოვებენ.

ასე რომ, სუპერლიგის ახალი ტალღა დაიწყო, ვნახოთ, რა შედეგები დადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები