Thumbnail

აი, ასეთი გოგა ბითაძის ნახვა გვსურს ყველა თამაშში! ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი ტრავმის შემდეგ ფაქტობრივად სრულყოფილი თამაშით დაბრუნდა და ვაშინტონ უიზარდსთან კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა (ძირითადში კვლავ ახალბედა აიზია ჯეკსონი გახლდათ, რომელმაც წინა შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა), მაგრამ მიუხედავად ამისა, 23:34 წუთში გოგამ 20 ქულა ჩააგდო, რაც NBA-ში მისი საუკეთესო მაჩვენებელია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, 22 წლის ქართველ ცენტრს აბსოლუტურად 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა: 7-დან 7 სროლა ჩააგდო, მათ შორის 3-დან 3 სამქულიანი და გარდა ამისა, სამივე საჯარიმო გამოუყენა. ანუ, გოგას არცერთი სროლა არ გაუფუჭებია - ეს მისი დღე იყო.

გარდა ქულებისა, ბითაძეს ვაშინგტონთან 6 მოხსნაც ჰქონდა (ექვსივე დაცვაში) და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. მისი +/- კოეფიციენტი საბოლოოდ +13 გახლდათ. ინდიანაში მასზე მეტი ქულა მხოლოდ მალკოლმ ბროგდონს ჰქონდა - 27. ორივე გუნდს შორის კი ბითაძის 20 ქულა მეოთხე შედეგია - ბროგდონის გარდა, უიზარდსიდან გოგაზე მეტი ქულები პორზინგისმა (25) და კუზმამ (23) დააგროვეს.


მართალია, ინდიანა დამარცხდა (123:133), მაგრამ ბითაძის კარგ თამაშთან შედარებით ეს მეორეხარისხოვანია, რადგან პეისერსში პლეი ოფში მოხვედრის იმედი აღარც აქვთ. გოგას გუნდი 22 გამარჯვებით და 44 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და მაგალითად, მე-10 ადგილზე მყოფ ბრუკლინს 10 მოგებით ჩამორჩება.

პეისერსს მომდევნო მატჩი 9 მარტს, კლივლენდ კავალიერსთან ელის და გოგას იმ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები