Thumbnail

Update: 23 ივნისი ზინედინ ზიდანის დაბადების დღეა - გენიალური "ზიზუ" 50 წლის გახდა.

როცა ზინედინ ზიდანს დღეს ვუსმენ ან ვუყურებ, არ მჯერა, რომ იგივე კაცია, ვინც ჩემი ბავშვობის წლებიდან მახსოვს. დღეს ზიზუს ყველა სიტყვა თუ მოქმედება დახვეწილი, გათვლილი, ელეგანტური და მოზომილია. მისი თანამედროვე იმიჯი ისეთივე კლასიკურია, როგორც მისი სათამაშო სტილი და წარმოდგენები მოედანზე.

ფეხბურთელობის დროს ზიდანი სხვა ემოციას აღძრავდა - პირველ რიგში ალბათ შიშს, ძრწოლას. მისი აუცილებლად გეშინოდა, თუკი მის წინააღმდეგ იყავი. გეშინოდა არა მხოლოდ როგორც დიდი ფეხბურთელის, არამედ, როგორც იმ ადამიანის, რომლისგანაც არ იცი, რას უნდა ელოდო, თუმცა ბოლოს აუცილებლად დამარცხდები. ზიდანს რაღაცნაირი დემონური ძალა ჰქონდა. ოღონდ, ამას ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მომენტებში გრძნობდი.

მოედანზეც მუდამ პირქუში და აგრესიული იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს ღმერთივით თამაშობდა - ყველაზე დახვეწილად, ვინც კი ოდესმე მინდორზე მინახავს. აქ ხასიათზეა ლაპარაკი და არა თამაშის სტილზე.

ზიდანი და მატერაცი 2006 წლის ფინალიდან

უმეტესობას ზიზუს ბოლო ფინალი და მატერაცისთან მიღებული წითელი ახსოვს. ეს მომენტი საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ეპიზოდად იქცა - ისევე, როგორც დიეგოს ‘ღმერთის ხელი’. არადა, არასაჭირო წითლები ზიდანს მანამდეც არაერთი მიუღია. 1998 წლის საშინაო მუნდიალზე საუდის არაბეთის წაქცეულ მოთამაშეს ფეხით შედგა და ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. იუვეშიც მახსოვს, ჰამბურგთან ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეს თავი ჩაარტყა და გააგდეს. მერე მას ედგარ დავიდსიც მიაყოლეს და იუვე ლიგიდან გავარდა.

ამ სტატიის მიზანი ზიდანის კრიტიკა სულაც არ არის. პირიქით. ზოგადად, სიტყვათშეთანხმება ‘ზიდანის კრიტიკა’ მკრეხელობად ჟღერს. ფეხბურთის ღმერთებს არ აკრიტიკებენ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ზიდანი ის არ არის, ვინც ადრე იყო. იმიჯის თვალსაზრისით მაინც.

მისი პირქუშობა თუ აგრესიულობა იოლად იხსნება. ზიზუ ფეხბურთში ქუჩიდან მოვიდა. როგორც კი მის მოძრაობებს შეხედავ, ეგრევე ხვდები: ასეთ რამეებს საფეხბურთო აკადემიებში არ ასწავლიან. ისედაც ქუჩის ბიჭი იყო, ალჟირელი ემიგრანტების შვილი, მარსელის გარეუბან ლა კასტელანში გაიზარდა - ანუ ‘სუპერმარკეტში’ ნარკოტიკებისათვის, როგორც ამ უბანს ფრანგულ გაზეთებში მოიხსენიებენ. ეს ის ადგილია, სადაც პოლიციის რეიდები პერმანენტული ამბავია, გარშემო კი ბევრი კრიმინალი. ძალიან კარგი ფრანგული ფილმი Le Haine თუ გინახავთ, სიტუაცია შეიძლება უკეთ წარმოიდგინოთ.

ეს ხალხური თუ ქუჩის უბრალოება ზიდანს მუდამ მოჰყვებოდა. თავისი პერიოდის ყველაზე დიადი იყო, თუმცა სუპერვარსკვლავურ იმიჯს ძალიან ნაკლებად ირგებდა. იუვედან რეალში იმიტომ გადავიდა, რომ მის ესპანელ ცოლს ასე უნდოდა. რეალის ‘გალაქტიკოსების’ ჰოლივუდურ გაერთიანებშიც თავის თავის კაცი იყო - მშვიდი მეოჯახე. ზიდანის წვეულებებზე ისტორიები ბუნებაში არ არსებობს.

ტურინში სტადიონიც არის, სადაც ზიდანი თავის ბავშვობის მეგობრებთან ერთად მინი-ფეხბურთს თამაშობდა და კლუბისგან ამის უფლება სპეციალურად ჰქონდა მიღებული. ჩემთვის ასეთი რამ ტურინში უთქვამთ და ლეგენდაა თუ რეალობა, ეს უკვე აღარ ვიცი.

ისტორიული ფოტო- ზიდანის გოლი ბრაზილიასთან

ზემოთ, შიში ვახსენე. ზიდანის სტატისტიკით, ან თუნდაც იუთუბში მისი ვიდეობის ნახვით, მის მასშტაბს და გავლენას აბსოლუტურად ვერ მიხვდებით. ზიზუს ჰქონდა უნარი, რომ ყველაზე დიდი და სახიფათო ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ყოფილიყო. ის არასოდეს ყოფილა მესის ან კრიშტიანოსავით ის კაცი, რომელიც თავის სიდიადეს თამაშიდან თამაშამდე, კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე დაადასტურებდა. ზიდანი მომენტის კაცი იყო, უფრო სწორად, დიდი მომენტების.

რაც უფრო დიდი იყო წნეხი, რაც უფრო მეტი იყო გამოწვევა, მით მეტ საფრთხეს ელოდი მისგან. მუნდიალის ორ ფინალში ამ კაცს სამი გოლი აქვს შეგდებული - მაშინ, როცა გოლების გატანა მისი ძირითადი საქმე არასოდეს ყოფილა. მეტიც, ის უფრო ნახევარმცველი-ათიანი იყო, ვიდრე ფორვარდი-ათიანი. ანჩელოტი იმასაც წერდა, ზიდანს მეტოქის საჯარიმოზე ალერგია აქვს, თორემ დანარჩენ მოედანზე ყველაზე მაგარიაო.

არადა, ფინალებში ძნელია. დიეგომ ორი ფინალი ითამაშა და არ შეუგდია, ბაჯომ ცაში დაარტყა, კრუიფი თავის თავს არ ჰგავდა, მესი არცთუ ისე გამორჩეული იყო, ‘ელ ფენომენო’ რონალდოს ფინალის წინ რაღაც ნერვული შეტევის მსგავსი მოუვიდა. ზიდანი კი ყველაზე დიდი ფინალებში იყო. ბრაზილიასთან ორი შეაგდო თავით, მაშინ, როცა თავით თამაში მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. მისი თავით გოლები თითქმის არც მახსოვს.


2006-ში ‘პანენკათი’ გატანილი პენალტის შემდეგ ბუფონსაც დაურტყა თავით, დამატებით დროში. იტალია ჯიჯიმ გადაარჩინა. მეცნიერულად ვერ ვხსნი, ისე ინტუიციის, ემოციის თუ ცრურწმენის დონეზე ვიტყვი - ბუფონის მაგივრად ნებისმიერი სხვა რომ მდგარიყო, დარწმუნებული ვარ, გაუტანდა. უბრალოდ, ბუფონიც იგივე ფეხბურთის ღმერთების კატეგორიიდანაა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლევერკუზენს გაუტანა საოცარი გოლი და რეალს ლიგა მოაგებინა.


ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ესპანეთთან შეაგდო ჯარიმა, მერე პორტუგალიასთან ნახევარფინალში, დამატებითის ბოლო წამებზე პენალტი. იგივე პორტუგალიას მუნდიალის ნახევარფინალშიც გაუტანა. გრძელი სიაა, აქ უნდა გავჩერდე. დასკვნა ერთია: ყველაზე დიდ მომენტებში ზიდანისნაირი არავინ ყოფილა. რაღაცნაირი, შინაგანი მობილიზების უნარი ჰქონდა. თავის სიდიადეს თითქოს უბრალო მომენტებზე არც ახურდავებდა.

ერთიც გამახსენდა: ართქმა არ გამოვა. 2006-ში, მეოთხედფინალში რონალდინიოს, კაკას და რონალდოს ბრაზილიას შეხვდა. ფრანგები უპირობო აუტსაიდერები იყვნენ. ზიზუ 34 წლის იყო, უკვე მიდიოდა. აიღო და ‘მარტომ მოუგოო’, ხალხურად რომ ამბობენ, ეგ ქნა. მართლა მთელი ბრაზილია დასდევდა და ბურთს ვერ ართმევდნენ - გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით ასე იყო. დღემდე მახსოვს, აკა მორჩილაძეს რომ ეწერა "სარბიელში", "ერთი ბებერი ჯადოქარი ცეკვავდაო". მართლა ასე იყო. სადაც ზიდანია, იქ კაკას და რონალდიონიოს ადგილი ვერ არის. სხვა მასშტაბია უბრალოდ. კლასში და ბურთის გორებაში კი არა, პირველ რიგში პიროვნული მასშტაბი.

დიდ თამაშებში ამდენი გოლები და მომენტები ჩამოვთვალე და არადა, ზიდანს საკლუბო კარიერაში 506 თამაშში 95 გოლი აქვს შეგდებული - ანუ ხუთ თამაშში ერთხელ გაჰქონდა და კიდევ იშვიათად. სამაგიეროდ, ფინალებში და პლეი ოფებში რაც ხდებოდა, უკვე გითხარით.

ზიდანი 1998 წელს ოქროს ბურთის მფლობელია

როცა საფრანგეთის ნაკრებში მისი თანაგუნდელების თუ მწვრთნელების კომენტარებს ნახულობ, თვალში გხვდება, რომ ზიდანზე, როგორც თანაგუნდელზე, ადამიანზე თითქოს არც ლაპარაკობენ. მათთვის ის ღვთაების, ლეგენდის კატეგორიაშია. მისი ირაციონალური რწმენა აქვთ.

რაიმონ დომენეკი: ‘ზიდანი არის მითი. მითს შეუძლია, ადამიანებში დიდი ემოციები დაძრას.’

ზიდანს რაღაც აუხსნელი გავლენა ჰქონდა თანაგუნდელებზე. მასთან ერთად გუნდს ყველაფერი შეეძლო, თითქოს დაუმარცხებლად იყვნენ. იმ თაობის საფრანგეთის ანგარიშზე 8-წლიან მონაკვეთში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა და მხოლოდ პენალტებში წაგებული მუნდიალის ფინალია. მის გარეშე კი, თითქოს თამაში ავიწყდებოდათ. აი, ტიერი ანრის, დავიდ ტრეზეგეს, პატრიკ ვიერას და ამ კალიბრის ხალხს თამაში ავიწყდებოდა. სრულიად უუნაროები ხდებოდნენ. არ ვიცი, როგორ და რატომ. ზიზუს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და არ უყვარდა. ის უფრო მაგალითით, საქმით ლიდერი იყო, ვიდრე სიტყვით. ფაქტია, რომ თავის გუნდს ის რაღაცნაირ დემონურ ძალას და შემართებას აძლევდა.

2002-ში ზიდანის ტრავმის ფონზე უძლიერესი საფრანგეთი სენეგალთან, ურუგვაისთან და დანიასთან დარჩა ჯგუფში. სამ თამაშში გოლიც ვერ გაიტანა. მის გარეშე თითქოს გუნდმა სული დაკარგა - სხვანაირად ვერანაირი ტაქტიკური მოტივებით ამას ვერ ახსნი. მარადონას მერე არ მინახავს, ვინმეს თავის გუნდზე ასეთი ფსიქოლოგიური ძალა და გავლენა ჰქონდეს. დიეგოს ემოცია, აზარტი და ტემპერამენტი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ზიზუს შემთხვევაში უფრო რთულია, მიხვდე და გაიგო, მისი გავლენა რას ეფუძნებოდა. ხომ გითხარით: თითქოს ერთი ჩუმი, ბრაზიანი და პირქუში კაცი იყო. ახლა რომ ისწავლა ზრდილობიანი და ელეგანტური ღიმილი, ამის არ დაიჯეროთ.

ტიერი ანრი: ‘საფრანგეთში ყველა მიხვდა, რომ ღმერთი არსებობს და ის საფრანგეთის ეროვნულ გუნდშია.’

მისი, უკვე მწვრთელობის რეალიც თუ გახსოვთ, დემონური ძალა და ბრძოლისუნარიაობა ჰქონდა. ბოლომდე ვერასოდეს ვერ მოკლავდი. რაღაც ზიდანისებრი ამ გუნდსაც ჰქონდა.

ისტორიულ ამბებში ყველაზე მეტად ნაპოლეონზე კითხვა მიყვარს. იქ გხვდება თვალში, რომ აუხსნელი გავლენა აქვს ადამიანებზე. მასთან ერთად ფრანგული ჯარი დაუმარცხებელია - რაღაცნაირი აღმაფრენით და ემოციით მიდიან ბრძოლაში. დიდი კაცის გარშემო დიდ საქმეს რომ ემსახურები, ეს აღმაფრენაა. მის გარეშე, საფრანგეთი თითქოს სულს და ემოციას კარგავს. ზიზუს შემთხვევაშიც რაღაც ასეთი ამბავია. პოპულარული და ცოტა იაფფასიანი ამერიკული გამოთქმის არ იყოს - ხვალ რომ დედამიწის ბედი ერთ თამაშზე იყოს დამოკიდებული, ამ თამაშისთვის ზიდანს წავიყვანდი. ისტორიას რომ ცვლის, ასეთ მომენტებში, მასზე მაგარი მართლა არ ვიცი.

კომენტარები

ბოლო ამბები