Thumbnail

გოგა ბითაძემ NBA-ს კარიერაში საუკეთესო თამაში ჰქოდა - ვაშინგტონ უიზარდსთან, რომლის წინააღმდეგ არასრულ 24 წუთში 20 ქულა ჩააგდო (პლუს 6 მოხსნაც).

20 ქულა გოგას ამერიკულ კარიერაში სარეკორდო შედეგია. როცა ის პარკეტზე იყო, პეისერსს +13 დაუფიქსირდა, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულით ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. ამდენად, გასაკვირი გახლდათ რიკ კარლაილის გადაწყვეტილება, რომელმაც მე-3 პერიოდში ქართველი ცენტრი პრაქტიკულად არ ათამაშა, რაც შედეგზეც აისახა - ინდიანამ ეს მეოთხედი 13 ქულით წააგო, რაც ვაშინგტონის საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი მომენტი გამოდგა.

"ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მას ვენდობი. ვისზეც იგრძნო, რომ მოედანზე უნდა ყოფილიყო, ისინი ათამაშა, მე უბრალოდ მზად ვიყავი სათამაშოდ", - თქვა გოგამ, როდესაც ჰკითხეს მესამე პერიოდში მცირე სათამაშო დროის შესახებ.

"მე უბრალოდ მზად ვარ. ჩემი სროლების მჯერა და მწვრთნელმაც მოედანზე იმიტომ შემიყვანა, რომ გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფორმაში ვიყო და გუნდს დავეხმარო. სულ რამდენიმე კვირაა ტაირისთან (ტეილორი) და ბადისთან (ჰილდი) ერთად ვთამაშობ. ისინი შესანიშნავი კალათბურთელები არიან და ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. უიზარდსი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შორეულ სროლებს იყენებს, რაც დღესაც გააკეთეს. საკუთარი თავის და სროლის ვირწმუნე. ვიცი, რომ ყველა მატჩში შემიძლია ასე თამაში. რაც შემიძლია ვაკეთებ, ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ყველა სროლას ვიყენებ", - აღნიშნა ბითაძემ საკუთარ თამაშზე.

ბითაძემ 7-დან 7 სროლა გამოიყენა, მათ შორის 3 სამქულიანი

გოგას თამაში მოუწონა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმაც, რომელმაც თქვა, რომ ქართველმა კალათბურთელმა დრო კარგად გამოიყენა და ბედნიერია:

"ბითაძემ შესანიშნავად ითამაშა, მან სათამაშო წუთები კარგად გამოიყენა. ასევე, სმითმაც კარგად ითამაშა, უიზარდის ცოტა დაბალი შემადგენლობის წინააღმდეგ სმითი უკეთესი ვარიანტი იყო, მაგრამ გოგამ ძალიან კარგად ითამაშა, ბევრი კარგი რამ გააკეთა, სროლა არ გაუფუჭებია, მოხსნებიც ჰქონდა, დაცვასაც ეხმარებოდა და მის გამო ბედნიერი ვარ".

გოგას თამაშის შესახებ ინდიანას ლიდერმა მალკოლმ ბროგდონმაც ისაუბრა, რომელიც პეისერსიდან ერთადერთი მოთამაშე იყო, ვინც ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მიითვალა (27):

"ბითაძე შესანიშნავი იყო. თამაშში ჩაერთო და თავისი წვლილი შეიტანა, დიდი გავლენა მოახდინა დაცვაშიც და შეტევაშიც. მას სჭირდებოდა ისეთი თამაში, როგორც დღეს ითამაშა. ის ძალიან ბევრს მუშაობს და გრძელი გზა გაიარა NBA-ში პირველი სეზონის შემდეგ. მე ნამდვილად ვხედავ მის ზრდას პარკეტსა და მის ფარგლებს მიღმა. ის იმსახურებს ასეთ თამაშს, იმსახურებს უფრო ხშირად მსგავსი მატჩების ჩატარებას", - თქვა ბროგდონმა.

ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 44 წაგებით მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს, რადგან მაგალითად, მე-10 ადგილზე მყოფ ბრუკლინს 10 მოგებით ჩამორჩება. პეისერსს მომდევნო მატჩი 9 მარტს, კლივლენდ კავალიერსთან ელის და გოგას იმ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები