Thumbnail

ცნობილი რუსული საიტის, championat.ru-ს ჟურნალისტი ეკარეტინა ავდონინა და gazeta.ru-ს მიმომხილველი ვიკტორია ალეკსეევა წერენ, რომ რუსეთი მსოფლიო ფიგურული ციგურაობის ფლაგმანია და ის იძულებითი იზოლაციით მხოლოდ მოიგებს. 

ავტორების აზრით, რუსი ფიგურისტები ყველა დისციპლინაში მოწინავეები არიან, ამიტომაც ISU-ს გრან პრის ეტაპებს იოლად ჩაანაცვლებს რუსეთის თასი, მსოფლიოს ჩემპიონატს - ქვეყნის ჩემპიონატი. მათი მტკიცებით, რუსეთი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატს მოისაკლისებს. რაც მთავარია, ავტორების აზრით, რუსულ ფიგურულ ციგურაობას რევოლუციური ექსპერიმენტების შესანიშნავი შანსი მიეცემა და ეს ყველაფერს შეცვლის.

ოლიმპიური ჩემპიონი ანა შჩერბაკოვა ნამდვილად არ გეგმავდა კარიერის ასე დასრულებას

ავდონინას და ალეკსეევას მიაჩნიათ, რომ ამ შიდარუსულ ტურნირებზე არა მარტო რუსი სპორტსმენები გამოვლენ, არამედ, მათსავით დასჯილი ბელარუსები და რუსეთში გაზრდილი ის ფიგურისტები, რომლებიც ახლა სხვა ქვეყნის სახელით გამოდიან - მაგალითად, მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბანოვა, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობენ. 

მოკლედ, სტატია კრემლის პროპაგანდის სტილშია დაწერილი. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მოხდება - რუსეთის თასი ვერაფრით შეცვლის ISU-ს გრან პრის და ვერც სრულ იზოლაციაში მოქცეული რუსული ფიგურული ციგურაობა დარჩება მოგებული, ეს ხომ აბსურდია.

ასე დახვდნენ მოსკოვში სკანდალურად ცნობილ კამილა ვალიევას

პირველ მარტს ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უკრაინაში რუსული არმიის შეჭრისთვის რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა საერთოდ აუკრძალა. ISU აცხადებს, რომ შესაძლოა, მათ კიდევ დამატებითი სანქციები მიიღონ.

ამ ფონზე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება აზრს კარგავს. სინამდვილეში, თუკი ეს იზოლაცია დროში გაიწელება, რუსეთმა შეიძლება სრულად დაკარგოს ფიგურული ციგურაობა! ისეთი სპორტსმენები, როგორიც შჩერბაკოვა, ტრუსოვა და თუნდაც ვალიევა არიან, დაფიქრდებიან სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე. მათ შეიძლება ის გზა გაიარონ, რაც ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე მე-11, გუნდურში კი მე-6 ადგილი დაიკავა.

ალეკსანდრა ტრუსოვას ოლიმმპიურ ოქრომდე ცოტა დააკლდა

"არ მგონია, რომ რუსეთის ნაკრების ლიდერები ეროვნებას შეიცვლიან მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო", - ოპტიმიზმს არ კარგავს რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი ალეკსანდრ გორშკოვი. თუმცა რუსულ მედიაში წერენ, რომ ამის გამორიცხვა ახლა შეუძლებელია. დიდი ალბათობით, ეთერი თუთბერიძის შეგირდები ამ ვარიანტზე დაფიქრდებიან. 

ანა შჩერბაკოვამ პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ნამდვილად არ ოცნებობდა, რომ ამით დაასრულებდა სპორტულ კარიერას. მან საერთაშორისო ყინულაზე უნდა დაამტკიცოს, რომ ლიდერია და არა "ხრუსტალნის" ყინულზე, რუსეთის თასის რომელიღაც ეტაპზე. ტრუსოვაც აუცილებლად იბრძოლებს პირველობისთვის, მაგრამ ამისთვის მასაც სჭირდება საერთაშორისო ასპარეზი.

ოლიმპიადის ყველაზე სკანდალურ მონაწილეს კამილა ვალიევას არცთუ კარგი დროება აქვს, მისი კარიერა ისედაც საფრთხის წინაშეა. პარადოქსია, მაგრამ დოპინგ-ისტორიამ მას შეიძლება "სულზეც მოუსწროს" და სხვა ქვეყნის სახელით შეუტიოს დიდ ტურნირებს. ვალიევა ალბათ ჯერ დაელოდება ვერდიქტს მის საქმეზე, მას არც ეჩქარება, მხოლოდ 15 წლის არის და კარიერის გადარჩენა კიდევ შეიძლება. 

ანასტასია გუბანოვა მეორე წელია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს

რუს ფიგურისტებს სანქცია ადევთ, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე მოსახვედრად ერთი შანსი მაინც რჩება - მოქალაქეობის შეცვლა. არავინ იცის, როდის დაუშვებენ რუსეთს უკან, დიდი ალბათობით, არცთუ მალე. რუსეთში დარჩენა ნიშნავს ფინანსურ ზარალსაც, ჰონორარები მცირდება, ბრენდებთან სპონსორული შეთანხმებებიც თითქმის გამორიცხულია, უცხოური ფირმები ტოვებენ ქვეყანას, ადგილობრივებს მალე საამისო არც სურვილი და არც შესაძლებლობა ექნებათ. 

იმისთვის, რომ ფიგურისტი, რომლის კარიერაც ისედაც ხანმოკლეა გადარჩეს, ის უნდა დარჩეს საერთაშორისო ასპარეზზე, ასე შეინარჩუნებს შემოსავალსაც. ერთადერთი შანსი კი ქვეყნის შეცვლაა. 

რუსული მედია წერს, რომ ეს გზა უკვე გაკვალულია, ძირითადად მაღალი კონკურენციის გამო, მოციგურავეები მასობრივად იღებდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ეს გზა გაიარეს ანასტასია გუბანოვამ (საქართველო), მარია ტალალაიკინამ (იტალია), ეკატერინა მიტროფანოვამ (ბოსნია/ჰერცეგოვინა) და სხვებმა. 

როგორ იცვლის მოციგურავე ქვეყანას

რუსეთის ფედერაცია იღებს მსურველი ქვეყნიდან განაცხადს. ამის შემდეგ უნდა გავიდეს სრული წელიწადი და ამ განაცხადს განიხილავენ. სპორტსმენმა ეს წელი ახალ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და ძველი სამშობლოს სახელით არ უნდა იასპარეზოს (რუსეთის შემთხვევაში, ეს ისედაც გამოირიცხა).

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა

კარანტინის დასრულების შემდეგ გადამწყვეტი სიტყვა რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ეკუთვნის, მაგრამ ყოველთვის შეიძლება (უარის შემთხვევაში) ამის ISU-ში გაპროტესტება და როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს დაიჭერს საერთაშორისო ფედერაცია?

კომენტარები

ბოლო ამბები