Thumbnail
  • კონტრაქტი ქართველი კალათბურთელის ინიციატივით გაუქმდა
  • კლუბის პრეზიდენტმა თოკოს მადლობა გადაუხადა

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, თორნიკე შენგელიასა და კლუბს შორის კონტრაქტი ქართველი კალათბურთელის ინიციატივით გაუქმდა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარები ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა და თავად თოკო შენგელიამ გააკეთეს.

ანდრეი ვატუტინი: "როცა თოკო ჩვენს გუნდში მოვიწვიეთ, გათვლა მის მეომარ ბუნებაზე, ქარიზმასა და ლიდერულ თვისებებზე გვქონდა. მან ჩვენი მოლოდინები სრულად გაამართლა. უნდა შეგახსენოთ, რომ თორნიკეს ცსკა-ში გადმოსვლა დიდი კრიტიკის ფონზე მოხდა, შენგელიამ კი ამ ზეწოლას გაუძლო. თორნიკე პროფესიონალიზმით, ოჯახის მიმართ დამოკიდებულებით, გუნდელებსა და მოწინააღმდეგეების მიმართ გამოხატული მიმართებით, სამშობლოს სიყვარულით ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი მაგალითია. ახლა კი ჩვენ მისი საზოგადოებრივი და ოჯახური პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთამაშეზე კლუბები ოცნებობენ. მთელი გულით ვუსურვებ თოკოს ახალ გუნდში ბევრი წარმატების მიღწევასა და გულშემატკივრების ლამაზი მომენტებით გახარებას."

თორნიკე შენგელია: "მადლობა მინდა გადავუხადო ცსკა-ს, ჩემთვის გაწეული სამუშაოსა და ჩემდამი გამოვლენილი დამოკიდებულების გამო. ასევე მსურს ანდრეი ვატუტინისა და ნატალია ფურაევას მიმართ მადლიერება გამოვხატო. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას დიმიტრის იტუდისს, სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ყველა თანამშრომელს გადავუხდი. ჩემს თანაგუნდელებს რაც შეეხება, ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად გასახდელსა და პარკეტზე ვიყავი. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთთან დაკავშირებული არაა, ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს და მე ეს გავაკეთე. ახლა კი კონცენტრირებული მომავალზე ვიქნები. ყველას მადლობას გიხდით."

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა. ქართველმა ფორვარდმა რუსული გუნდის მაისურით ევროლიგაში 52 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 11,7 ქულას, 4,9 მოხსნასა და 2,3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ვითიბი ლიგაში კი თოკომ 35-ჯერ ითამაშა (13,2 ქულა, 4,3 მოხსნა და 2,1 შედეგიან გადაცემა). შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში ვითიბი ლიგისა და რუსეთის ჩემპიონი გახდა, ასევე ვითიბი ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში აირჩიეს. შენგელია არმიელების ფორმით ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელი ორჯერ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები