Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 124:127 კლივლენდ კავალიერსი
  • გოგა ბითაძეს ისევ საკმაოდ პროდუქტიული დღე ჰქონდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

ინდიანა ისევ დამარცხდა, ამჯერად კლივლენდ კავალიერსთან (124:127), მაგრამ მთავარი ის არის, რომ გოგა ბითაძეს ისევ პროდუქტიული დღე ჰქონდა.

მართალია, პეისერსის ქართველმა ცენტრმა ამჯერად 20 ქულა ვეღარ ჩააგდო და აღარც სროლების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ მაინც: ბითაძემ 18 წუთი ითამაშა და ამ დროში 15 ქულის დაგროვება შეძლო. გოგამ 10 სროლიდან 6 გამოიყენა, 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო. მას 9 მოხსნა ჰქონდა (3 დაცვაში, 6 შეტევაში) და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ბითაძის აქტივშია ასევე 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

ზოგადად, მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. დიდხანს ჩანდა ისე, რომ გამარჯვება ინდიანას დარჩებოდა, მაგრამ ბოლოს ოჰაიოელებს უფრო გაუმართლათ. ორივე გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში მაგრად იბრძოდა. მესამე მეოთხედის შემდეგ ბითაძის გუნდი 98:90-საც კი იგებდა.

შესანიშნავი თამაში ჩაატარა კლივლენდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დარიუს გარლენდმა - მის ანგარიშზე 41 ქულა და 13 პასია. პეისერსიდან საუკეთესო ტაირიზ ჰალიბერტონი გახლდათ - 25 ქულით, 9 პასით და 4 მოხსნით. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს თავის გუნდში ისევ მეორე შედეგი ჰქონდა, თუმცა სმიტმა და ვაშინგტონმაც 15-15 ქულა დააგროვეს. არცისე კარგი დღე ჰქონდა მალკოლმ ბროგნდონს (12 ქულა, 6/15). საინტერესოა, რომ ინდიანას სათადარიგო მოთამაშეებმა ჯამში 56 ქულა ჩააგდეს (ბითაძის 15-იც მათ შორისაა).

67 მატჩის შემდეგ პეისერსი 22 გამარჯვებით და 45 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 13 მარტს, სან ანტონიოსთან სტუმრად ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები