- იევჰენ კონოპლიანკა კრაკოვიაში გადავიდა და მალე მის სამშობლოში ომი დაიწყო
- პოპსპორტი ფეხბურთის უკრაინელ ვარსკვლავს პოლონეთში დაუკავშირდა
- ვიდეო-ინტერვიუში კონოპლიანკა ომზე და ქართველებთან მეგობრობაზე საუბრობს
დონეცკის შახტარიდან პოლონურ კრაკოვიაში გადავიდა და 2 კვირაში უკრაინაში სასტიკი ომიც დაიწყო.
თებერვლის დასაწყისში, როცა პოლონურ კლუბთან კონტრაქტს აფორმებდა, ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი იევჰენ კონოპლიანკა ვერ წარმოიდგენდა, რომ ოკუპანტები მის სამშობლოში შეიჭრებოდნენ და ქალაქების დაბომბვას დაიწყებდნენ. მართალია, რუსეთს იმ დროს უკვე მობილიზებული ჰყავდა ჯარი უკრაინის საზღვრებთან, მაგრამ პოპსპორტთან ინტერვიუში ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელი კონოპლიანკა ამბობს, რომ მაინც არ სჯეროდა ომის დაწყების. ან არ უნდოდა, რომ დაეჯერებინა.
'ჩემი ცოლი ჯერ კიდევ ფერწასული დადის. ღამით ბევრჯერ დგება, ის ხმები ეჩვენება და შეშინებული სადღაც გარბის'.
კონოპლიანკას პოლონეთში სანდრო კობახიძის დახმარებით დავუკავშირდით. უკრაინელ ვარსკვლავს ომზე საუბრისას ცრემლების შეკავება უჭირდა. მან განსაკუთრებით თბილად ისაუბრა იმ ქართველ ფეხბურთელებზე, რომლებთანაც მეგობრობა აკავშირებს - კობახიძეზე, ჯაბა კანკავაზე, დავით ხოჭოლავაზე და ახალ თანაგუნდელ ოთარ კაკაბაძეზე.
"კაკაბაძე ჩემთვის უკრაინელივითაა. როცა ოთარს ვხედავ, მზად ვარ ისე ჩავეხუტო, როგორც ჩემს შვილს ვეხუტები ხოლმე." - გვითხრა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველზე საუბრისას. უკრაინის ნაკრების ათიანი ამბობს, რომ ქართველების მსგავსად თბილი და გულწრფელი ხალხი ცოტა უნახავს.
რატომ აფასებს ქართველებს, რას ეტყოდა რუს სპორტსმენებს, როგორ უნდა დაამარცხოს პუტინი მსოფლიომ - იევჰენ კონოპლიანკასთან ვიდეო-ინტერვიუ საკმაოდ ემოციური გამოვიდა.
32 წლის შემტევი ნახევარმცველი იევჰენ კონოპლიანკა, რომელსაც უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმით 86 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, შახტარამდე გელზენკირხენის შალკეში (2016-2019) და სევილიაში (2015-2016) თამაშობდა. 2015 წელს მას უეფას სუპერთასის 9-გოლიან მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, ბარსელონასთვის გოლი აქვს გატანილი. კონოპლიანკა 3-ჯერ იყო უკრაინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2010, 2012, 2013), 2015 წელს კი უკრაინის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. 2016 წელს ESPN-მა კონოპლიანმა მსოფლიოს 10 საუკეთესო გარემარბს შორის დაასახელა.
კომენტარები