Thumbnail

მიზანი 100 ბაშოა - ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე ელიტაში დარჩენისთვის იჭიდავებს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძე პროფესიულ სუმოში ზუსტად 16 წელიწადია
  • ჰარუ ბაშო ქალაქ ოსაკაში 13-27 მარტს გაიმართება

13-27 მარტს ქალაქი ოსაკა წლის მეორე სუპერტურნირს, ჰარუ ბაშოს მასპინძლობს, რომელზეც 34 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დასავლეთის მე-15 მაეგაშირას რანგში გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ მე-7 ბაშო დაასრულა უარყოფითი ბალანსით, მას ნახევარი საფეხურითაც არ დაუხევია უკან, თუმცა ცხადია, რომ ელიტიდან გავარდნის საფრთხე ძალიან დიდია - ლევანზე დაბლა უმაღლეს დივიზიონში რეიტინგში მხოლოდ ოთხი სუმოისტია. 

ცნობილია პირველი ორი დღის განრიგი - კვირას, 13 მარტს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა აკუას შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელიც ვეტერანია (31 წლის), ამ ორს ერთმანეთში მხოლოდ ორი ბრძოლა აქვთ გამართული - 1:1. ჰარუ ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდება - 5:2 ურთიერთშეხვედრებში ქართველის სასარგებლოდ.

ტოჩინოშინი პროფესიულ კარიერაში 96-ე ბაშოს იწყებს. იმისთვის, რომ მან 100 ბაშო შეასრულოს, წლის ბოლომდე უნდა დარჩეს პროფესიულ სუმოში. ალბათ, სწორედ ეს არის ქართველი რიკიშის მთავარი მიზანი. 95 ბაშოდან მან 75 უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში გაატარა.

tachiai.org-ის მოსაზრება ტოჩინოშინის შანსებზე ამ ბაშოზე: "იმის გათვალისწინებით, როგორი დაზიანებული ჩანდა ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს დასაწყისში, მისთვის საბოლოოდ დაფიქსირებული 7-8 ბალანსი საკმაოდ კარგი შედეგია. მაგრამ, სანამ მის ტრავმიან მუხლებზე რაიმე სასწაული არ მოხდება, ინ ნელ-ნელა უმაღლესიდან დაქვეითების გზას ადგას". 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ყოფილი ოძეკია, მან 2018 წლის იანვრის ბაშოზე მთავარი ტიტული, იმპერატორის თასი მოიგო. ლევან გორგაძის პროფესიული კარიერა 2006 წლის მარტის ბაშოდან დაიწყო, ასე რომ, ის პროფესიულ სუმოში ზუსტად 16 წელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები