Thumbnail

‘მატყუარებო, ჩვენს ცოლებს, შვილებს და მოხუცებს ებრძვით’ - უსიკის მიმართვა რუსებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოლეკსანდრ უსიკმა ინსტაგრამზე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა
  • უკრაინელმა მოკრივემ თანამემამულეებს და რუსებსაც მიმართა

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა მოკრივემ, ოლეკსანდრ უსიკმა ინსტაგრამზე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც რუსულ პროპაგანდაზე საუბრობს და თანამემამულე უკრაინელებს რუსეთის არმიასთან თავდადებული ბრძოლისთვის მადლობას უხდის. 35 წლის მოკრივემ რუსებს მკაფიო სიტყვებით მიმართა.

“უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც რუსეთი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს, ბომბავს და ამბობს, რომ ფაშიზმს ებრძვის. თქვენ ჩვენი ცოლების, ჩვენი შვილების და ჩვენი მოხუცების წინააღმდეგ იბრძვით!” - აცხადებს უსიკი ვიდეო-მიმართვაში, - “ანადგურებთ ჩვენს კლინიკებს, სკოლებს, ქალაქებს მთლიანად! ამავდროულად იტყუებით და ამ ყველაფერს ‘სპეცოპერაციას’ უწოდებთ. იმასაც იტყუებით, თითქოს თქვენს რაკეტებს მხოლოდ ჩვენს სამხედრო წერტილებს ესვრით.”

უსიკი, რომელიც ოჯახთან ერთად კიევთან ახლოს იმყოფება, რუსებს იმასაც ეუბნება, რომ ისინი რუს და უკრაინელ ადამიანებს შორის ურთიერთობას სამუდამოდ ანადგურებენ.

“ჩვენ აქ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში ვართ. უკრაინას ისევ ავაშენებთ. ყველაფერს დავდებთ, რაც გვაქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა უკრაინელს, ვინც ამ ქვეყნისთვის იბრძვის! ხალხს მივმართავ, ილოცეთ ყოველთვის, როცა სახლიდან გამოხვალთ. ილოცეთ ჩვენი არმიისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ჩვენს სამშობლოს იცავენ. იესო ქრისტე დაგვეხმარება, რადგან ის ხედავს, რა ხდება და გვიცავს. მადლობა ღმერთს უკრაინისთვის.”

ოლეკსანდრ უსიკმა 2021 წელს დამაჯერებლად დაამარცხა ენტონი ჯოშუა, რისი წყალობითაც მას ყველა ქამარი ჩამოართვა. უკრაინელს შანსი აქვს, WBC-ის ვერსიით ჩემპიონ ტაისონ ფიურის შეხვდეს და სუპერმძიმე წონაში საუკეთესო გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები