Thumbnail

სერგეი რებროვი უკრაინული ფეხბურთის ლეგენდაა. ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ დუეტს ქმნიდა. იმ ფორმაციის კიევის დინამო პოსტსაბჭოთა სივრცეში უძლიერესი კლუბი იყო და 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა. იმ დროს განსაკუთრებით ძლიერი იყო უკრაინის ნაკრებიც, რომლის მაისურით რებროვს 75 მატჩი აქვს ჩატარებული (15 გოლი). დინამო კიევის გარდა, რებროვმა ტოტენჰემსა და ვესტ ჰემშიც ითამაშა, შესანიშნავი კარიერის  დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. გასულ სეზონში მისმა გაწვრთნილმა ფერენცვაროშმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. 

'პოპსპორტი' 47 წლის სერგეი რებროვს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაუკავშირდა, სადაც იგი კლუბ ალ-აინის მწვრთნელად მუშაობს. საუბრის თემა რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. საუბარი მისი ოჯახის წევრების შესახებ დავიწყეთ, რომლებიც ახლაც კიევში იმყოფებიან - უკრაინის დედაქალაქში, რომელსაც რუსეთი ყოველდღე სასტიკად ბომბავს.

POPSPORT: როგორც ვიცით, თქვენი ოჯახი უკრაინაშია. როგორ არიან თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები?

სერგეი რებროვი: დიახ, ჩემი მშობლები კიევში ცხოვრობენ და ახლაც იქ არიან. მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. საომარი მოქმედებები მათ სახლთან ახლოს მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ცოცხლები არიან.

POPSPORT: წარმოგედგინათ, რომ რუსეთი თქვენს სამშობლოში ასეთ სასტიკ ომს დაიწყებდა?

რებროვი: არავის აზრადაც კი არ მოსვლია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა. მიდიოდა საუბრები პოლიტიკურ ზეწოლაზე, მაგრამ არავის წარმოედგინა, თუ პუტინი ზღვარს გადავიდოდა. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ერთი ადამიანის იმპერიალისტურ ამბიციებს უდანაშაულო ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჯარის გარდა, ომის დაწყება ყველასთვის მოულოდნელი იყო. უკრაინის არმია ახლაც ამტკიცებს თავის სიძლიერეს, მაგრამ რაც ხდება, ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია. ამ ომის მიზანი უკრაინის განადგურებაა.

'ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია. ამ ომის მიზანი უკრაინის განადგურებაა.'

POPSPORT: თქვენ განაცხადეთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდებით და იარაღს აიღებთ ხელში...

რებროვი: რა თქმა უნდა, დავბრუნდები. ეს ჩემი სამშობლოა. თუ საჭირო გახდა, იარაღსაც ავიღებ. ახლა ყველა ჩვენგანმა ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია. მე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვარ. ვცდილობ, აქაურებს ავუხსნა, რა ხდება სინამდვილეში. ბევრ ქვეყანაში ადამიანებს არ ესმით, რა ხდება, რადგან რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია და ხალხმა სიმართლე არ იცის. აქ ძალიან ბევრი უკრაინელია, რომლებიც მოხალისეობრივი საქმიანობით თავის ქვეყანას ეხმარებიან. და ეს მარტო აქ არ ხდება. უკრაინის დასახმარებელი მოხალისეობრივი მოძრაობები მთელს მსოფლიოშია.

POPSPORT: ფიქრობთ, რომ უკრაინას ევროპის ბედის გადამწყვეტი შეუძლია?

რებროვი: უკრაინამ ურთულესი მისია იტვირთა და ახლა მთელს ევროპას იცავს. არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ უკრაინელი ხალხი თავისი სიმამაცით და თავდადებით იცავს საკუთარ ქვეყანას და ამასთან ერთად მთელს ევროპას. ჩემი ხალხის სიმართლეში და გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. უდიდესი მადლობა ევროპას და მთელს მსოფლიოს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი უკრაინას უწევენ, მაგრამ არის კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი. ამაზე მარტო მე არ ვსაუბრობ, ამაზე ყველა უკრაინელი ლაპარაკობს - ჩაკეტონ საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. სარაკეტო თავდასხმების და დაბომბვების გამო იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, იღუპებიან ბავშვები. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს უმნიშვნელოვანესია, რადგანაც რუსეთი ყველა ძალას ხმარობს უკრაინის გასაქრობად და უკან არაფერზე იხევს.

რებროვს უკრაინის ნაკრებში 75 მატჩი აქვს ჩატარებული (15 გოლი)

POPSPORT: საქართველოში უკრაინის სოლიდარობის რამდენიმე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. რას ეტყოდით ქართველ ხალხს?

რებროვი: საქართველომ რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავზე გამოცადა, რას ნიშნავს რუსეთთან ომი. მე ვიცი, რომ ქართველები უკრაინელებს უდიდეს პატივს სცემენ. საქართველოს მხარდაჭერა ჩანს. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, რომელმაც დამირეკა, მომწერა, გამამხნევა. მადლობა თითოეულ მათგანს. ქართველებს ძალიან კარგად ესმით, რა სჩადის რუსეთი. თქვენ არ უჯერებთ რუსულ პროპაგანდას. თქვენ იცით სიმართლე.

‘თქვენ არ უჯერებთ რუსულ პროპაგანდას. თქვენ იცით სიმართლე’

POPSPORT: საფეხბურთო წრეებში ძალიან ავტორიტეტული პიროვნება ხართ. რას ეტყოდით რუს ფეხბურთელებს, სპორტსმენებს? რას ეტყოდით რუს ხალხს? 

რებროვი: ყველაფერი ადამიანის ინტელექტზე, მისი მხრიდან მოვლენების აღქმის უნარზეა დამოკიდებული. ასევე ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად პრინციპულია ადამიანი. მე მესმის, რომ პროპაგანდა, რომელიც რუსეთშია, კანონები, რომლებიც ამ ქვეყანაში მოქმედებს და რომელთა მიხედვითაც საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა 15-წლიანი პატიმრობით ისჯება, ხალხს აშინებს. მათ ძალიან უჭირთ თავისი აზრის დაფიქსირება. დიდი ძალისხმევა იხარჯება იმაზე, რომ რუსებს ავუხსნათ ის, რაც სინამდვილეში ხდება. მჯერა რომ მათი გარკვეული ნაწილი მოვლენებს სწორად აღიქვამს, მაგრამ ისინი დიქტატურაში ცხოვრებას მიჩვეულები არიან და ეშინიათ. ისინი არ არიან მზად, რომ პუტინის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი გამოხატონ. ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმა თქვა: „თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ უკრაინაში ომი არ მიმდინარეობს, თუ ეს მხოლოდ რაღაც სპეცოპერაციაა, მაშინ რატომ არ გაძლევენ ხმის ამოღების შესაძლებლობას და რატომ გიხშობენ სმენას?” რუსი ხალხი ამაზე უნდა დაფიქრდეს. რატომ უსჯიან მათ 15-წლიან პატიმრობას, თუ სიტყვა ომს ახსენებენ? რუს ხალხს მოუწევს მომდევნო წლებში ამ ომით ცხოვრება. ისინი მთელი ცხოვრება დაიტანჯებიან ტკივილით იმის გამო, რაც უკრაინას დამართეს.

'რა თქმა უნდა, დავბრუნდები და თუ საჭირო გახდა, იარაღსაც ავიღებ.'

POPSPORT: როგორ უნდა შეაჩეროს მსოფლიომ პუტინი?

რებროვი: რთული სათქმელია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. სანქციები, რა თქმა უნდა, მოქმედებს. როდესაც ირკვევა, რომ ოლიგარქებს ართმევენ იახტებს, ვილებს, რომელთა ფასიც დაახლოებით ნახევარი მილიარდია, ეს ქვეყნის ეკონომიკას დიდ დარტყმას აყენებს. რუსები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ როდესაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მათ ქვეყანასთან ურთიერთობას აჩერებენ, როდესაც მათი უმსხვილესი ბანკები სანქცირებულნი არიან, ეს ყველაფერი მათივე ქვეყნის ბიუჯეტს ურტყამს. სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და რაც უფრო დიდი პროტესტი იქნება რუსეთში, მით მეტი ზეწოლა იქნება პუტინზე. მთელმა მსოფლიომ, რუსეთის ჩათვლით, უნდა აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, რომ ომი შეაჩეროს. 

კიევის დინამოს შემადგენლობაში სერგეი რებროვი უკრაინის ცხრაგზის ჩემპიონია. 1999-2000 წლების სეზონში იგი საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩების ჩათვლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო. კიევურ კლუბში გამართულ 242 მატჩში (დინამოში იგი ორჯერ 1992-2000 და 2005-2007 წლებში თამაშობდა) მან 113 გოლი გაიტანა. უკრაინის ნაკრებში მის ანგარიშზე 75 შეხვედრა და 15 გოლია. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში რებროვმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშა.

შევჩენკოს და რებროვის კიევის დინამო 1998/99 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები