Thumbnail

'სისხლიანი ფულით ვერ დარჩება' - ფიდეს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არკადი დვორკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია
  • უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონის რუსლან პონომარიოვის საგანგებო განცხადება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, უკრაინელი დიდოსტატი რუსლან პონომარიოვი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტის, რუსი არკადი დვორკოვიჩის გადადგომას ითხოვს. პონომარიოვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შეუძლებელია ფიდეს სათავეში ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი იდგეს, რომელიც ორგანიზაციას სისხლიანი ფულით ხელმძღვანელობს.

“ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში რაღაც უნდა შეიცვალოს. შეუძლებელია მის სათავეში იყოს რუსეთი და თავის სისხლიანი ფულით მოქმედებდეს. ვთვლი, რომ პრეზიდენტი დვორკოვიჩი უნდა გადადგეს. რაც უფრო მალე იზამს ამას, მით უფრო ცოტა დრო იქნება საჭირო ფიდეს ნორმალურად ასამუშავებლად. საწყენია, რომ ზოგიერთი რუსი მოჭადრაკე, მაგალითად, ანატოლი კარპოვი და სერგეი კარიაკინი ტოტალიტარული პროპაგანდის რუპორად იქცა.

რაც შეეხება რუსების საერთაშორისო ტურნირებიდან ჩამოშორებას. შესაძლოა, მათთვის ეს ძალიან მძიმედ მოსჩანს, თუმცა, ჩემი აზრით, ომის შესაჩერებლად ყველა მტკივნეული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ყველა ზომას უნდა მივმართოთ, მაქსიმალური ზეწოლა და ძალისხმევაა საჭირო. ჩემი მშობლები, ისევე, როგორც და კიევში იყვნენ. 3 მარტს ევაკუაცია გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ მამას ბოლომდე ქალაქში დარჩენა უნდოდა. დიდი თავგადასავლების შემდეგ, ბუდაპეშტიდან ესპანეთში ჩამოვიდნენ და ახლა, მათ ადაპტაციის გავლაში ვეხმარები.

აქ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მაინც გავუგზავნოთ. უამრავი ადამიანი მიკავშირდება. მათ შორის, მადლობას ვუხდი ჰიკარუ ნაკამურასა და კასპაროვის ფონდს. არავინ იცის, ომი როდის დასრულდება, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ გაუარესდეს. იმედია, მსგავს კატასტროფებამდე მაინც არ მივალთ, როგორც ჩერნობილი ან ბირთვული ომი იყო”.

ცნობისთვის, 38 წლის პონომარიოვი მსოფლიოს ჩემპიონი 2002-04 წლებში იყო. ის პლანეტის პირველი მოჭადრაკე მაშინ გახდა, როდესაც მხოლოდ 18 წლის გახლდათ. ამას გარდა, რუსლანი ორჯერ (2005, 2009) გავიდა მსოფლიო თასის ფინალში და ევროპის ვიცე-ჩემპიონიც (2001) არის.

კომენტარები

ბოლო ამბები