Thumbnail

მირჩა ლუჩესკუ: პუტინი დამნაშავეა, ის უკრაინაში ბარბაროსულ ომს აწარმოებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ბომბავენ საავადმყოფოებსა და სამოქალაქო შენობებს, იღუპებიან ბავშვები და ქალები'
  • დინამო კიევის რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა რუსული აგრესია დაგმო

დინამო კიევის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ უკრაინაში რუსული აგრესია დაგმო და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “ბარბაროსი” უწოდა. რუმინელი სპეციალისტი ახლა სამშობლოში იმყოფება, თუმცა, ამბობს, რომ უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის მზადაა.

მირჩა ლუჩესკუ: “ის, რაც უკრაინაში ხდება, კრიმინალური ისტორიაა. პუტინი დამნაშავეა. ეს ბარბაროსული ომია. ვხედავთ, როგორ ბომბავენ საავადმყოფოებსა და სამოქალაქო შენობებს, იღუპებიან ბავშვები და ქალები. ეს რაღაც დაუჯერებელია. ახლა, მთელი მსოფლიო უკრაინას უნდა დაუდგეს გვერდში. ვიმეორებ: პუტინი დამნაშავეა, ხოლო ის რაც უკრაინაში ხდება, ყველაზე საშინელი ფანტაზიის გამოვლენაა.

მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. უფრო სწორად, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სიტუაცია დაიძაბებოდა, თუმცა, მგონი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კიევსა და სხვა ქალაქებს დაბომბავდნენ, ზოგიერთს კი უბრალოდ მიწასთან გაასწორებდნენ.

ამიტომაც, ვამბობ, რომ ეს უბრალოდ ბარბაროსობაა. ამ ფონზე ხოლოდ საუბარი არ კმარა. ყველამ რაღაც უნდა გააკეთოს, რომ ომი დასრულდეს. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ: ახლა, უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, ის ევროპის თავისუფლებისთვისაც იბრძვის!”.

ცნობისთვის, 76 წლის ლუჩესკუს ყველაზე დიდი დრო (2004-16 წლები) დონეცკის შახტარში აქვს გატარებული, შემდეგ, სანკტ პეტერბურგის ზენიტსა და თურქეთის ნაკრებში მუშაობაც მოასწრო, დინამო კიევში კი 2020 წელს მივიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები