- მიუნხენი სპორტის საზაფხულო სახეობებში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
- საორგანიზაციო კომიტეტმა რუს და ბელარუს ათლეტებს ტურნირზე გამოსვლა აუკრძალა
11-21 აგვისტოს გერმანიის ქალაქი მიუნხენში მულტი-სპორტულ ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელსაც სხვანაირად სპორტის საზაფხულო სახეობებში ევროპის ჩემპიონატს უწოდებენ. ევროპის ჩემპიონატს 9 სპორტული ფედერაცია ატარებს. ორგანიზატორებმა დღეს გამოაცხადეს, რომ რუს და ბელარუსს ათლეტებს ჩემპიონატზე არ დაუშვებენ.
ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაცია გაითვალისწინეს: "ჩვენ ვართ ერთიანი და ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში", - განაცხადა კომიტეტის შეფმა ლიბორ ვარჰანკმა.
ევროპის ჩემპიონატი იმართება კანოეში, ველოსპორტში, ტანვარჯიშში, ნიჩბოსნობაში, სპორტულ ალპინიზმში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ტრიატლონსა და ფრენბურთში.
ცურვა ის გამონაკლისია ოლიმპიურ სახეობებში, სადაც რუს და ბელარუს ათლეტებს ჯერჯერობით ტურნირებში ასპარეზობის უფლებას აძლევენ, თუმცა ეს სახეობა კოლექტიური ევროპის ჩემპიონატის ფორმატში არ შედის. მულტი-სპორტული ევროპის ჩემპიონატი 2018 წლიდან ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველ ჩემპიონატს ბერლინმა უმასპინძლა, ახლა მიუნხენის ჯერია.
კომენტარები