Thumbnail
  • საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წინასწარი განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე
  • ტურნირს 28 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში ბუდაპეშტი უმასპინძლებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

ცნობილი გახდა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. წინასწარი განაცხადი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო და თუკი არაფერი შეიცვალა, ბუდაპეშტში დაგეგმილ ტურნირზე წარმომადგენელი ვაჟთა ყველა წონით კატეგორიაში გვეყოლება. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჯამში, ხალიჩაზე 20 ქართველი ფალავანი გავა.

საინტერესოა, რომ UWW მომავალი ევროპირველობის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად თავისუფალი ჭიდაობის მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილისა და თურქი ტაჰა აკგულის მორიგ შესაძლო დაპირისპირებას ასახელებს.

“თვის ბოლოს დაგეგმილ ტურნირში 400-ზე მეტი მოჭიდავე დარეგისტრირდა, რომელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიადის პრიზიორებიც იმყოფებიან. მათ შორის ყველაზე გამორჩეულები თურქი ტაჰა აკგული და ქართველი გენო პეტრიაშვილი არიან. გასულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება აკგულს დარჩა, რომელმაც უმთავრეს მეტოქეს პირველივე წრეში აჯობა, მას მერე კი, ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. არადა, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე ორივე გამოვიდა”.

UWW-ს განახლებულ რეიტინგში პეტრიაშვილი მეორეა, აკგული კი - მესამე

მომავალი ევროპირველობა უნგრეთის დედაქალაქში 28 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება. ცნობისთვის, გასულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც აპრილში პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების წევრებმა 9 მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო) მოიპოვეს.

თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლს სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) დაეუფლა, ბრინჯაო კი ბექა ლომთაძემ (61 კგ.), ნიკა კენჭაძემ (79 კგ.), ელიზბარ ოდიკაძემა (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) დაისაკუთრეს. ბერძენ-რომაელთაგან შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.) გაჩემპიონდა, იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) ფინალი წააგო, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლერი აბულაძე (63 კგ.) და აივენგო რიკაძე (82 კგ.) დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც ცნობილ მიზეზთა გამო დისკვალიფიცირებული რუსი მოჭიდავეების გარეშე ჩაივლის. არადა, 2021 წლის ევროპირველობაზე მათ ერთბაშად 22 მედლის (13 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) მოპოვება მოახერხეს. ცხადია, რომ რუსების არყოფნა ქართველი მოჭიდავეებისთვის დამატებითი შანსია.

თავისუფალი ჭიდაობა

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.), ბექა ლომთაძე (65 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.), ტარზან მაისურაძე (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.), იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები