- რუსმა ოკუპანტებმა მეტალისტი 1925-ის ბაზაც დააზიანეს
- ხარკოველებმა კლუბი თითქმის ყველა ლეგიონერეს მოუძებნეს
- კვერკველიას კარიერის ესპანეთში გაგრძელების შანსი აქვს
- მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია
უკრაინაში შეჭრილმა რუსმა ოკუპანტებმა საბა კვერკველიას კლუბის, მეტალისტი 1925-ის ბაზაც დაბომბეს, რომელიც ხარკოვის სიახლოვეს, სოფელ ვისოკიში მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, ბაზას გარკვეული დაზიანება მიადგა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველს, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას დამატების შესაძლებლობას სეგუნდას კლუბი ალმერია განიხილავს, რომელშიც გიორგი მაკარიძე თამაშობს.

როგორც ირკვევა, კლუბის ხელმძღვანელთა ნაწილი ლუცკში იმყოფება, ხარკოვში კი გუნდიდან მხოლოდ 2-3 მოთამაშეა დარჩენილი. რაც შეეხება ლეგიონერებს, მეტალისტი 1925 მუშაობს, რათა მათ კარიერა იჯარით სხვა კლუბებში გააგრძელონ.
მეტალისტის ვიცე-პრეზიდენტმა ევგენი კრასნიკოვმა დაადასტურა, რომ კლუბის ყველა ლეგიონერი იჯარით წავა:
"პრეზიდენტთან მუდმივად მაქვს კავშირი. გუნდი არავის დაუტოვებია, კონტრაქტი არავის გაუწყვეტია. ლეგიონერებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყველა მათგანი იჯარით მიდის. პრაქტიკულად, ყველა ლეგიონერს მოვუძებნეთ კლუბი. ამაში ჩვენი ბრაზილიელი და არგენტინელი პარტნიორები გვეხმარებიან".
ასევე წერენ, რომ კლუბში ხელფასები ყველას გადაუხადეს, თუმცა მომავალში როგორ მოხდება ანაზღაურების გაცემა, უცნობია, რადგან ყველა იმ ძირითად დაწესებულებას, საიდანაც მეტალისტი 1925 ფინანსდებოდა, ქვეყანაში ომის გამო საქმიანობა შეჩერებული აქვს.
მეტალისტი 1925 უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი მე-10 ადგილს იკავებს. ჩემპიონატი ამჟამად შეჩერებულია.

საბა კვერკველიას კარიერის დიდი ნაწილი რუსეთს უკავშირდება, სადაც 2011-2021 წლებში ყაზანის რუბინში, ნეფტეხიმიკში,მოსკოვის ლოკომოტივსა და ვოლგოგრადის როტორში გამოდიოდა. შარშან ოქტომბერში საბამ რუსეთი დატოვა და უკრაინაში გადაბარგდა, სადაც მეტალისტთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კომენტარები