Thumbnail

'წინ დიდი ამბები გველის' - დვალიშვილმა სავარაუდო მეტოქე დაასახელა

  • მერაბის მომავალი მეტოქე UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება
  • ამ ეტაპზე, დვალიშვილი მეგობარ ალჯამაინ სტერლინგს ბრძოლისთვის მზადებაში ეხმარება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ქართველმა მებრძოლმა, UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის (bantamweight) რეიტინგის მე-6 ნომერმა მერაბ დვალიშვილმა youtube-ის საკუთარ არხზე სავარაუდო მეტოქე დაასახელა. როგორც იცით, მერაბმა ტრავმა საქართველოში ყოფნის დროს, ვარჯიშისას მიიღო და ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, გარკვეული პერიოდი არ უვარჯიშია.

"სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ საქართველოში ტრავმა მივიღე, ლავიწი მქონდა ამოვარდნილი, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა, უკვე ვარჯიშს დავუბრუნდი. ხელი 90%-ით აღდგენილი მაქვს, სესიები აღარ მიცდება, ყველაფერი რიგზეა და ძალიან ბედნიერი ვარ. ბრძოლის ჩატარება ამ პერიოდში არ შემეძლო, მაინც არავინ იყო პრეტენდენტი, ვისთანაც შეიძლებოდა მეჩხუბა. ჩემ წინ რეიტინგში რობ ფონტია, მას მატჩი ჩანიშნული აქვს. მეოთხე ადგილზე კორი სანდჰეგანია, რომელმაც ქამარზე ჩხუბი უკვე გამართა. ძალიან მაგარი ბიჭია, ბევრი ნოკაუტი აქვს. დიდი შანსია, რომ სწორედ მას შევხვდე.

'არც ალდოსა და არც დილაშოუსთან ბრძოლის გამართვაზე მაქვს პრობლემა'

მესამე პოზიციაზე ჟოზე ალდოა, მასთან ბრძოლის გამართვის რეალური შანსი მაქვს. უბრალოდ, მას მეორეადგილოსან ტი ჯეი დილაშოუსთან ჩხუბი სურს. ამერიკელი ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. სავარაუდოდ, დაბრუნდება და ალდოსთან იჩხუბებს და ასევე სავარაუდოდ, მე და კორი ერთმანეთს დავუპირისპირდებით. 

მე არც ალდოსა და არც დილაშოუსთან ბრძოლის გამართვაზე მაქვს პრობლემა, პირიქით, სასიხარულოც არის, რადგან ორივე ყოფილი ჩემპიონი და ღირსეული სპორტსმენია. მოკლედ, ყველაფერი წინ არის და მომავალში ძალიან, ძალიან დიდი ამბები გველოდება. თუმცა, ახლა, ამ ეტაპზე ალჯამაინ სტერლინგის ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. ეს ჩვენი ყველას ჩხუბია, რომელსაც “ალჯო” რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს," - თქვა მერაბ დვალიშვილმა.

31 წლის მერაბ დვალიშვილს UFC-ში 7 მოგებისგან შემდგარი სერია აქვს. ქართველმა ბოლოს 2021 წლის სექტემბერში იჩხუბა და მარლონ მორაესი მეორე რაუნდში დაანოკაუტა. რაც შეეხება ალჯამაინ სტერლინგს: "ალჯო" სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონია, ქამარი პიოტრ იანთან გამართულ პირველ ბრძოლაში მოიპოვა. მაშინ რუსმა ამერიკელს აკრძალული ილეთით დაარტყა, სტერლინგმა შეხვედრა ვერ გააგრძელა და იანს წაგება ჩაეთვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები