Thumbnail
  • ჩავიმ ბარსელონას გარდაქმნა დაიწყო
  • ის უფრო მენეჯერია, ვიდრე მწვრთნელი
  • ჩავიმ გუნდი სისტემას მოარგო და არა ინდივიდუალისტებს
  • სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ბარსას ძალიან დაეხმარა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

‘ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მხოლოდ გამარჯვება გვაკლია’ - ეს სიტყვები ჟოან ლაპორტამ ორიოდე თვის წინ, სუპერთასზე 'კლასიკოს' წაგების შემდეგ თქვა. მას მერე ბარსამ 12 შეხვედრა ჩაატარა და ყველაფერს იგებს. ახლა, სამწლიანი პაუზის კატალონიელებმა რეალიც გაანადგურეს და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბარსელონა იმაზე ადრე დაბრუნდა, ვიდრე ველოდით.

არა, ეს არ არის დიდი გუნდი. ეს არც ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდია. მაგრამ ფაქტია, რომ ქაოტური, მორალურად გატეხილი და უსისტემო გაერთიანებისგან ჩავიმ კონკურენტული გუნდი შეკრა. სწორედ ამიტომ აღიარებს ლაპორტა თავის შეცდომას - კუმანის ნაცვლად კატალონელთა ლეგენდა წინა ზაფხულშივე რომ დაენიშნათ, საეჭვოა, რეალი ასე ერთპიროვნულად ყოფილიყო ლა ლიგის ლიდერი. ჩავის დანიშვნის შემდეგ ბარსელონას, გამოტოვებული თამაშის ჩათვლით, რეალზე ერთით მეტი ქულა და უკეთესი ბურთების სხვაობაც აქვს. როგორ მოახერხა ჩავიმ კრიზისული გუნდის გარდაქმნა?

მარტივი რეცეპტი

თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ჩავის ჯადოსნური ჯოხი აქვს და ამ სტატიაში უცაბედი და გენიალური მიგნებების შესახებ უნდა მოგიყვეთ, ძალიან ცდებით. დიდ ფეხბურთში ასეთი რამეები იშვიათად ხდება. ეს უფრო ფილმების სცენარია.

ჩავის მისვლა კლუბში პირველ რიგში ლიდერის, ორგანიზატორის მისვლას ნიშნავდა. კატალონიელებს პირველ რიგში სწორედ სისტემის, ორგანიზაციული კულტურის პრობლემა ჰქონდათ - პრეზიდენტი და მენეჯმენტი, რომელთაც პატივს არავინ სცემდა, ვალვერდე, სეტიენი და კუმანი მწვრთნელად, რომელთაც რთულია ლიდერები უწოდო და ტოქსიკური განწყობა მოთამაშეებს შორის. თუ ფიქრობთ, რომ ლეო მესი ის კაცია, ვინც გუნდს შიგნიდან კრავს, ამაშიც ძალიან ცდებით.

ჩავის დაბრუნება ლაპორტას ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო

ჩავი ხმამაღალი, ინიციატივიანი და ავტორიტეტულია. ასეთი იყო ის ყოველთვის 'კამპ ნოუზეც' და ესპანეთის ნაკრებშიც, სადაც დელ ბოსკეს დაუსრულებლად ეკამათებოდა სხვადასხვა ტაქტიკური დეტალის გამო. მასთან ერთად კლუბს ლიდერი ჰყავს - ათვლის წერტილი. გაუმჯობესდა დისციპლინა და ორგანიზაცია კლუბის სამუშაო პროცესში. უკეთესი გახდა განწყობა მოთამაშეებს შორის, მოიმატა საწვრთნელი პროცესის ინტენსიურობამ. ბევრი პატარა დეტალია, რომელიც გარეთ თვალში არ გხვდება, თუმცა საბოლოო ჯამში დიდ სხვაობას გაძლევს. ეს არის სხვაობა კარგ და ცუდ მენეჯმენტს შორის - ჩავი მხოლოდ მწვრთნელი არ არის, ის მენეჯერია - 'კამპ ნოუზეც' მყარი გარანტიებით და მართვისთვის აუცილებელი ბერკეტებით არის მისული. მენეჯმენტში წესრიგი მოედანზეც აისახა - ბარსელონა უფრო დისციპლინირებული, ორგანიზებული, მებრძოლი და ყურადღებიანია.

კუმანის ხელში ბარსა თამაშში 1.5 ქულას იღებდა, ჩავის კი ეს მაჩვენებელი 2.3 აქვს. კუმანის ხელში ბარსას თამაშში 1.5 გოლი გაჰქონდა, საკუთარ კარში კი 1.1 გოლს იღებდა. ეს ცხრილში საშუალოადგილოსანის სტატისტიკაა. ჩავის ხელში გუნდს თამაშში საშუალოდ 2.3 გოლი გააქვს და 0.9-ს უშვებს. ეს უკვე საჩემპიონო გუნდის ბურთების სხვაობაა.

უკან მომავლისკენ

იმისთვის, რომ ბარსას მომავალი ჰქონოდა, ჩავიმ წარსულის გაკვეთილები გაიხსენა. ბარსა სპეციფიკური კლუბია, უფრო მეტი, ვიდრე კლუბი - თავისი მყარი ფასეულობების სისტემით, თამაშის სტილით და მსოფლმხედველობით. ჩავიმ უარი თქვა ყველანაირ ექსპერიმენტებზე, იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც ბარსას სტილი და ფილოსოფია ბოლომდე არ აქვთ გათავისებული და ისევ ახალგაზრდულ, ‘ლა მასიას’ პრინციპებზე აღზრდილ მოთამაშეებზე ჩავიდა ფსონს.

ამას იდეოლოგიურზე მეტად პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. ბარსას სათამაშო და საწვრთნელი სისტემა სპეციფიკურია - ეს, ფაქტობრივად, დოგმატური მეცნიერებაა სივრცესა და სტრუქტურაზე. ბარსა მუდამ ერთი სქემით, ერთი სტრუქტურით თამაშობს. წლების მანძილზე ამ ფილოსოფიის დანერგვა ბავშვობიდან, ჯერ კიდევ აკადემიის წლებიდან იწყება. სწორედ ამიტომ, გუნდში მთლიან ერთობას, ჰარმონიას ქმნიან - წლების განმავლობაში ყველამ იცის სად და როგორ უნდა გაიხსნას, პრესინგში როგორ წავიდეს, ბურთი როგორ გაათამაშოს. ბარსას ტრადიციული სტილი ავტომატიზმამდე მისულ სინქრონულობას გულისხმობს.

სწორედ ამიტომ, კატალონიაში შეშფოთებით უყურებდნენ, თუ როგორ ანაცვლებდა გრიზმანის, ნეიმარის, დემბელეს და კოუტინიოს ტიპის ტრანსფერები ადგილობრივ აღსაზრდელებს.

ჩავი: "ბარსელონას სტილი აბსოლუტურად დაკარგული იყო. ზოგიერთი მოთამაშე ავტომატური მოძრაობის იმ პრინციპებს ვერ ხვდება, რომელიც მე 11 წლის ასაკში ვიცოდი. მათთან ამაზე არავის უმუშავია."

ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ბოლო წლებში ‘ლა მასიას’ არცერთი დიდი მოთამაშე არ აღუზრდია და ბარსას აკადემიის აღსაზრდელები ‘კამპ ნოუზე’ კი არა, უფრო დაბალი კლასის გუნდებშიც ნაკლებად იკიდებენ ფეხს. არადა, აქ კონტექსტი ავიწყდებათ. ისევ ბარსელონას სპეციფიკური ფილოსოფიის თუ სტილის გამო, შესაძლოა, რომელიმე მოთამაშე სხვა კლუბის სისტემაში თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ აჩვენებდეს, მაგრამ ‘კამპ ნოუზე’ კარგად თამაშობდეს. მაგალითად პედრო დიდი მოთამაშე არასოდეს ყოფილა, არც ჩელსიში, არც რომაში და არც არსად, მაგრამ გვარდიოლას ბარსელონაში ძირითადის მოთამაშე იყო. ანაც ტიაგო ალკანტარა ავიღოთ - ლივერპულში მასზე ვერ ვიტყვით, რომ გუნდის ლიდერია, არადა მისთვის ჩვეულ და სწორ სისტემაში ტიაგო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ლუის ენრიკედან მოყოლებული, ბარსა არა თავის აღსაზრდელებზე, არამედ ტრანსფერებით მოსულ ვარსკვლავებზე აკეთებდა აქცენტს.

ბარსას ახალგაზრდები ვალენსიასთან თამაშის წინ - პედრი, მინგუესა, ნიკო, გავი და ადამა ტრაორე

ჩავიმ დანიშვნისთანავე აქტიურად დაიწყო ისევ კლუბის აღსაზრდელებზე აქცენტის გაკეთება - ნიკო, გავი, ერიკ გარსია და პედრი შეიძლება სხვა სუპერკლუბის ძირითადში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ბარსას სათამაშო სისტემა და ფილოსოფია ნებისმიერ ახალწვეულზე უკეთ იციან - ჩავის ფეხბურთსაც უკეთ ერგებიან. სისტემაზე და არა მოთამაშეებზე აქცენტის გაკეთება ჩავის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

მაგალითად, დიამეტრულად გაუმჯობესდა ბარსელონას მაღალი პრესინგი, რომელიც კატალონელთა სტილის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია. ბარსას პრესინგ-ქმედებების მესამედზე მეტი, 34 პროცენტი წარმატებულია და ეს ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია. პიკეს ახალგაზრდობა არ დაუბრუნებია, მაგრამ დაცვაში ბარსა შეცდომებს ნაკლებად უშვებს და უფრო იშვიათად უშვებს გოლებს, რადგან კარგი პრესინგი საშუალებას იძლევა, რომ მეტოქეს ბურთი მის ნახევარზევე წაართვა.

სწორი სატრანსფერო პოლიტიკა

კატალონელთა ჩავარდნილი ტრანსფერები მიმების და ანეკდოტების თემა იყო. ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯარაა, ბარსელონა კარგად მუშაობს. ლაპორტამ გუნდიდან გაუშვა ის მოთამაშეები, რომლებიც სტილურად ბარსას ვერ ერგებოდნენ. გრიზმანის, კოუტინიოს და სხვების ადაპტაციის მოლოდინი დასრულდა. ისევ და ისევ აქცენტი სისტემაზე და არა ინდივიდუალურ მოთამაშეებზე. ლეო მესის წასვლაც კი პოზიტიურ სიგნალად უნდა აღვიქვათ ახალი ბარსას მშენებლობის საკითხში. როცა მესი გყავს გუნდში, სისტემა მასზე უნდა ააწყო. მასთან ერთად ჩავის თავისი სისტემის ასე იოლად და ერთპიროვნულად შექმნა, არ ვიცი, რამდენად გამოუვიდოდა.

თუკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ბარსელონა შედეგს აკეთებდა, თუმცა უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა, იანვრიდან სხვა ახალი შენაძენების წყალობით თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფერან ტორესი შეტევაში სამივე პოზიციაზე თამაშობს, ორივე ფეხს ხმარობს და ზუსტად იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელზეც ზემოთ გითხარით. რომელიმე ლივერპულში ან ჩელსიში ტორესი ძირითადში ვერ მოხვდებოდა, თუმცა ბარსას სისტემა კარგად ესმის - სწორად იხსნება, სივრცეს ქმნის, მცველების ზურგს უკან შერბენა და გახსნა ეხერხება, პრესინგში კარგად მიდის. ობამეიანგთან ერთად ბარსელონას მაღალი კლასის შემგდები ჰყავს. შესაძლოა, გაბონელი მხოლოდ მოკლევადიანი შედეგისთვის იყოს და კატალონელთა კონცეფციაში (სათამაშო სტილი, ხელფასი, ასაკი) ბოლომდე ვერ ჯდებოდეს, თუმცა ამ კლასის ფორვარდის ყოლა ბარსასთვის ახლა დიდი დახმარებაა.

ობამეიანგი კატალონელებს ძალიან გამოადგათ

ჩავის უნდა, რომ ფლანგზე ერთი ინდივიდუალისტი მაინც ჰყავდეს. ანუ, ის მოთამაშე, რომელიც სისტემის მიღმა, თამაშის თავის თავზე აღებას შეძლებს. ამ როლს ხან დემბელე ირგებს, ხანაც ახალწვეული ადამა ტრაორე, რომელიც ფლანგზე ერთი ერთზე თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

ჩავის კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. მოთამაშეების და ზოგადად თამაშის ხარისხი ელიტური ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ნათელია, რომ გუნდს უკვე აქვს თამაშის ერთიანი სისტემა და საკლუბო განვითარების კონცეფცია. ახალგაზრდების პროგრესი მხოლოდ დროის ამბავია. დიდი ბარსელონა უფრო მალე დაბრუნდება, ვიდრე გვეგონა.

კომენტარები

ბოლო ამბები