Thumbnail

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 7 ქართველი მორაგბე მოხვდა. ის, რომ საუკეთესო თხუთმეტეულის ნახევარი ბორჯღალოსნებმა დააკომპლექტეს, გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა უმთავრეს კონკურენტ ესპანეთს 49:15 სძლიეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

რაგბი ევროპამ სიმბოლურ ნაკრებში ბექა გიგაშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, მერაბ შარიქაძე, აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი შეიყვანა, მათ გარდა კი, აღიარება რუმინელებს ოვიდიუ გოიოკარუს, ადრიან მოტოცს, დანიელ პლაის, ჰინკლი ვაოვასას, ესპანელებს ფერნანდო ლოპესს, მანუელ მორასა და გილიომ მინგუილონსა და ნიდერლანდელ კრისტოფერ რაიმონს ერგოთ.

“გიგაშვილი საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიწაზე ბურთის წაღლეტვა 2-ჯერ მოახერხა და მანძილიც საკმაოდ მოიგო. გიორგაძემ ესპანელებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ბურთის წაღება 10-ჯერ შესძლო და 2 ლელო დადო. 8 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე გორგაძემ მეტოქის ხაზი რამდენჯერმე გაჭრა. ლობჟანიძე იმ მორაგბედ წარმოგვიდგა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია: არეკნის გატანა, ბოჭვისგან თავის არიდება, ნებისმიერი ღრიჭოს მონახვა მეტოქის დაცვაში და ბოლო წუთამდე კონცენტრირებული თამაში. შეუდარებელი იყო წყვილი ტაბუცაძისა და ნინიაშვილის შემადგენლობით. საოცარი სისწრაფისა და მოქნილობის ხარჯზე საქართველოს ნაკრებს დიდი სარგებელი მოუტანეს”, - წერს რაგბი ევროპის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 ქულა მოაგროვეს და ტურნირი ზედიზედ მეხუთედ, ჯამში კი, მეთოთხმეტედ მოიგეს. 2 წლის ჯამში, რის მიხედვითაც 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურები ნაწილდებოდა, საქართველოს ნაკრებმა თავი 44 ქულას მოუყარა, პირველი ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და პლეი ოფის გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები