Thumbnail
  • 23-26 მარტს მონპელიეში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება
  • საქართველოს ნაკრები ოთხივე დისციპლინაშია წარდგენილი
  • საფრანგეთში არ იქნებიან: რუსეთი, ბელარუსი და ჩინეთი
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

23-26 მარტს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეს "სუდ დე ფრანს არენა" ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად იასპარეზებს სრული გუნდით, ქართველი სპორტსმენები ოთხივე დისციპლინაში (ქალები, ვაჟები, წყვილები და ცეკვები ყინულზე) გამოვა. ISU-ს გადაწყვეტილებით რუსი და ბელარუსი მოციგურავეები მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთილები არიან, ხოლო ჩინეთმა საკუთარი ნებით თქვა საფრანგეთში სპორტსმენების გაგზავნაზე უარი. 

მონპელიეში საქართველოს სახელით გამოვლენ: მორის ყვითელაშვილი (ვაჟები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (წყვილები), მარია კაზაკოვა/გიორგი რევია (ცეკვა ყინულზე). 

ქართველი მოციგურავეები ბერგამოში შეკრებაზე

23 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა მოკლე პროგრამით იწყება (თბილისის დროით 14:10-დან), საღამოს კი წყვილთა მოკლე პროგრამა იწყება (21:30-დან). ანასტასია გუბანოვა 33 მონაწილეს შორისაა. 19 წლის გუბანოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში პირველად იასპარეზებს. მან ევროპის ჩემპიონატი მე-7 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადა - მე-11-ზე. მოკლე პროგრამაში გუბანოვას კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 69.56 ქულაა (2018 წ). მონპელიეში საფინა-ბერულავას დუეტი 14 მონაწილე წყვილს შორისაა. საფინამ და ბერულავამ ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავეს, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე ზამთრის სახეობებში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შედეგი აჩვენეს - მე-9 ადგილი. 

მსოფლიოს ჩემპიონატს მონპელიე მასპინძლობს

24 მარტს ვაჟთა მოკლე პროგრამა და წყვილთა თავისუფალი ციგურაობაა. მორის ყვითელაშვილი 30 მონაწილეს შორისაა. 27 წლის მორისი ქართული დელეგაციის ყველაზე გამოცდილი წევრია. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთედ გამოდის (საუკეთესო შედეგი - მე-13 ადგილი ორჯერ). შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

25 მარტს ქალები თავისუფალი პროგრამით ასრულებენ მსოფლიოს ჩემპიონატს. ამავე დღეს იწყება ცეკვა ყინულზეც რითმული ცეკვებით. სულ 31 წყვილია და მათ შორისაა კაზაკოვა-რევიას დუეტიც. ტოკიოს ოლიმპიადაზე ამ წყვილმა მე-19 პოზიცია დაიკავა. 26 მარტს ვაჟთა შეჯიბრი თავისუფალი ციგურაობით დასრულდება, ხოლო შემდეგ წყვილთა თავისუფალი ცეკვაა პროგრამაში. 

2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი სტოკჰოლმში ჩატარდა, მორის ყვითელაშვილმა მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ალინა ურუშაძემ - მე-20. წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარხმანის დუეტი მე-16 პოზიციაზეა. 

საქართველოს ნაკრები მოსკოვის ნაცვლად, იტალიის ქალაქ ბერგამოში ემზადებოდა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.   

კომენტარები

ბოლო ამბები