- ოლეკსანდრ უსიკისა და ენტონი ჯოშუას ბრძოლა ზაფხულში უნდა შედგეს
- უკრაინელ მოკრივეს მხარდაჭერა ქვეყნის სპორტის მინისტრმაც გამოუცხადა
- 'არსად გავქცეულვარ' - ოლეკსანდრ უსიკი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაბრუნდა
WBA super-ის, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ს ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივე ოლეკსანდრ უსიკი ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან ჩასატარებელი მეორე ბრძოლისთვის უკრაინის საზღვრებს გარეთ მოემზადება.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის უკრაინელი სპორტსმენი, რომელიც მის ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ, კიევის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა, პოლონეთში გადავიდა, საწვრთნელი ბანაკის ზუსტი ადგილმდებარეობა კი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეჭრისა და გაჩაღებული ომის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის თანახმად, 18-იდან 60-წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. ოლეკსანდრ უსიკს კი, როგორც სამი მცირეწლოვანი შვილის მამას, ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა.

მოკრივეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა, რომლის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა სპორტულ ფრონტზე გამარჯვებების მოსაპოვებლად, უკრაინიდან სპორტსმენებმა გასვლა შეძლონ.
"ამჟამად ოლეკსანდრ უსიკი მოსამზადებლად გაემგზავრა. მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ექნება ბრძოლა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მან გაიმარჯვოს და კიდევ ერთხელ უთხრას მთელ მსოფლიოს, რომ ყოველთვის იქნება ომის წინააღმდეგი და მშვიდობის მომხრე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა მინისტრმა.
ოლეკსანდრ უსიკი და ენტონი ჯოშუა პირველად ერთმანეთს 2021 წლის სექტემბერში დაუპირისპირდნენ. 12-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება უკრაინელმა მოიპოვა და ბრიტანელს საჩემპიონო ქამრები აართვა. ბრძოლის კონტრაქტი ითვალისწინებს რევანშის ოპციას, რომელიც ჯოშუამ ოქტომბერში უკვე გააქტიურა. მეორე ბრძოლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, სავარაუდოდ კი, ის ივნისში ჩატარდება.

ოლეკსანდრ უსიკის აქტივში 19 მოგება (13 ნოკაუტით) და არცერთი წაგებაა. ენტონი კოშუას ანგარიშზე კი პროფესიონალურ რინგზე 24 გამარჯვება და 2 მარცხია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთმა უკრაინელმა მოკრივემ, ვასილი ლომაჩენკომ უარი თქვა ქვეყნის დატოვებასა და მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონთან, ჯორჯ კამბოსოსთან ბრძოლისთვის მომზადებაზე, რომელიც ავსტრალიაში 5 ივნისს უნდა გამართულიყო.
კომენტარები