Thumbnail

საბჭოთა კავშირიდან თანამედროვე რუსეთამდე: ფეხბურთი და კრემლის ომი უკრაინაში

2022 წლის 26 თებერვალს ინგლისში ტრადიციული საფეხბურთო საღამოა. ტრიბუნებზე შეკრებილი ლივერპულელებისთვის მატჩი ევერტონსა და მანჩესტერ სიტის შორის განსაკუთრებული სანახაობით გამოირჩევა: ფეხბურთელები მხრებზე მოგდებული ლურჯ-ყვითელი დროშით მიემართებიან მოედნისკენ. ფეხზე წამომდგარი გულშემატკივარი ტაშით ეგებება უჩვეულო ფორმაში გამოწყობილ მოთამაშეებს, განსაკუთრებით კი, ორ მნიშვნელოვან ადამიანს - ზინჩენკოს და მიკოლენკოს - უკრაინელ ფეხბურთელებს, რომელთა სამშობლო ამავდროულად რუსულ ჩექმას იგერიებს.

ის დღე "გუდისონ პარკზე" უკრაინას მიეძღვნა. ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც მესამე დღე იყო, რუსული სამხედრო მოქმედებები რაც მიმდინარეობდა. იმ დროს ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნის ევროპისთვის ასეთი უჩვეულო ამბავი - ომი - სამ კვირაზე მეტსაც გაგრძელდებოდა. 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა მოიცვა ყველაფერი. ევროპულ მოედნებზე აფრიალდა უკრაინის დროშები და ომის შეწყვეტის მოწოდებები.

ევროპული საფეხბურთო ცხოვრების საპირისპირო მხარეს კი რუსული მოედნები და თამაშის რუსული წესებია - მიუღებელი და განდევნილი ცივილიზებული მსოფლიოსგან. ქვეყანა მოკვეთილია მუნდიალიდან, რაც თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში, ფაქტობრივად, სახელმწიფოს არაღიარებას ნიშნავს. რუსეთი და, მასთან ერთად, რუსული ფეხბურთი, თანდათან კვლავ რკინის ფარდის მიღმა ინაცვლებს. თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ რუსებს ამგვარად ცხოვრების საკმაოდ გრძელი კულტურული მეხსიერება აქვთ.

საბჭოთა ფეხბურთის საწყისი იდეა - ტოტალური სრულყოფილება მოედანზე და სახელმწიფოში

საბჭოთა სამყაროში ნომენკლატურას კარგად ჰქონდა გააზრებული ფეხბურთის გავლენის მასშტაბები იმ მრავალფეროვან საზოგადოებებზე, რომლებიც საერთო „კომუნალურ ბინაში“ ერთად თანაცხოვრობდნენ. იმპერიის არსებობის საწყის ეტაპებზე პოლიტიკურ ელიტას ესმოდა, რომ ფეხბურთს ყველაზე უკეთ შეეძლო სხვადასხვა რესპუბლიკების მასების განწყობების მობილიზება და კრემლისთვის საჭირო მიმართულებით მიმართვა. სწორედ ამიტომ, ტოტალიტარული სახელმწიფოს მშენებლობისა და შენარჩუნების პროცესში, თამაშს თავიდანვე კომპლექსური დატვირთვა მიენიჭა.

ერთ-ერთი პირველი ამოცანა, რაც სპორტს და, კონკრეტულად, ფეხბურთს საბჭოთა მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეკისრა, იყო ერთგვარი Homo Sovieticus-ის - ახალი სრულყოფილი საბჭოთა ადამიანის ვიზუალური მოდელის შექმნა. მასების მეხსიერებაში უნდა გამოკვეთილიყო საბჭოთა ადამიანი, როგორც საზოგადოების ძლიერი, ათლეტური აღნაგობის წევრი, რომლისთვისაც ჯანსაღი და დისციპლინირებული ცხოვრების წესი კარგი მოქალაქეობის ტოლფასი უნდა გამხდარიყო.

„სიმსუქნე ნიშნავს სიბერეს“ - საბჭოთა პროპაგანდისტული პოსტერი, რომელიც
საბჭოთა მოქალაქეებს ჯანსაღი, რეგულარული და ზომიერი დიეტისკენ მოუწოდებს. ბორის რეშეტნიკოვი, 1958 წ.

ამგვარი ვიზუალური მეხსიერების გამოყვანას ემსახურებოდა გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, მაგალითად, მოსკოვის დინამოს მეტროსადგური. 1938 წლისთვის ეს ნაგებობა ყველაზე დიდი სადგური იყო ქალაქში. ის აქტიურად იყო დატვირთული რელიეფებით და მონუმენტებით, რომლებიც ფიზიკური კულტურის უპირატესობებს უსვამდა ხაზს. მეტროსადგური ერთ უმთავრეს ფუნქციას ასრულებდა - საბჭოთა მუშებისთვის იყო საშუალება, მოსკოვის დინამოს სტადიონზე მისულიყვნენ გუნდის საგულშემატკივროდ. ამ გზის ბოლოს კი თამაშებზე მისულ მოქალაქეებს უნდა დახვედროდათ ათლეტიზმის ესთეტიკით ყოველმხრივ გაჯერებული გარემო.

ძლიერი საბჭოთა ადამიანის ხატის შექმნის ამ დიდი გეგმის თავისდაუნებურ ნაწილად იქცნენ ისეთი აზროვნების არტისტებიც, როგორიც იყო კაზიმირ მალევიჩი. ჯერ კიდევ 1915 წლის ნახატში „ფეხბურთელის მხატვრული რეალიზმი“ მან ასახა სწორედ ის ფორმა, რასაც მოგვიანებით კრემლი პროპაგანდის ნაწილად აქცევს: მომავლის ჰეროიკული არსება ერთნაირად ძლიერ და სრულყოფილ კონტროლს საკუთარ სხეულსა და გონებაზე ფლობს.

„ფეხბურთელის მხატვრული რეალიზმი - ფერების მასობრიობა მეოთხე განზომილებაში“. კაზიმირ მალევიჩი, 1915 წ.

იმავე თემას აგრძელებს ელ ლისიცკიც, რომლის 1922 წლის ნახევრადდოკუმენტურ ნამუშევარში საბჭოთა ფეხბურთელი გრავიტაციის კანონებს არღვევს.

მეორე მთავარი ფუნქცია, რაც საბჭოთა ფეხბურთს დაეკისრა, იყო მსოფლიოსთვის იმ ძლევამოსილების დამტკიცება, რომელსაც ერთ სახელმწიფოში მოქცეული მრავალეთნიკურობა ქმნიდა. და ეს ჭეშმარიტება იყო მაშინაც კი, როცა ამ ერთი მწყობრად გამართული უნაკლო მანქანის მესაჭე რუსი ერი იყო. მაშინ, როცა საბჭოთა ფეხბურთის საერთაშორისო დაპირისპირებებში შესვლა 1950-იან წლებამდე ნომენკლატურას ზედმეტად სარისკოდ ეჩვენებოდა, ამისთვის მთავარი მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ პროპაგანდისტულად - „დაუმარცხებელი“ გუნდების შენებით მიდიოდა.

საბჭოთა უკრაინული აფიშა კიევის დინამოსა და მოსკოვის ცდკა-ს შორის გასამართი მატჩის
შესახებ წარწერით „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად - ითამაშე კომუნისტურად“.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის იმ იდეის შთაგონება, რომ საბჭოთა კავშირში განურჩევლად ყველა თამაშობს „კომუნისტურად“, და რომ საბჭოთა ფეხბურთი, ისევე, როგორც ყველაფერი საბჭოთა, „უმაღლესი კლასისაა“, შესაბამისად, დაუმარცხებელი.

საბჭოთა პროპაგანდისტული პოსტერი „საბჭოთა ფეხბურთის უმაღლესი კლასი“. ალეკსეი კოკორეკინი, 1954 წ. 

დაუმარცხებლობის იმიჯის აკვიატებული იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საწყისებიდან მოდის: ზოგიერთი მოგონების მიხედვით, სტალინი ნებისმიერი საფეხბურთო თუ სპორტული გუნდის საერთაშორისო ასპარეზზე გასაგზავნად მენეჯერებისგან გამარჯვების წინასწარ გარანტიებს ითხოვდა. მოგონებების მიღმა ამ თქმულების დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა, რაც ისტორიულ ფაქტად შემოგვრჩა, არის რეპრესიები ცდკას საფეხბურთო გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც საბჭოთა მანქანამ 1952 წლის ოლიმპიადაზე იუგოსლავიის ნაკრებთან 1:3 მარცხის გამო განახორციელა.

„საფეხბურთო გლასნოსტი“ - ფეხბურთი, როგორც საბჭოთა თავისუფლების ილუზია

პოსტ-სტალინურ, და შემდეგ უკვე დესტალინიზაციის შემდგომ ერაში ფეხბურთის დატვირთვა მეტად დაუკავშირდა თავისუფლების იდეას ორი მთავარი მიმართულებით: საბჭოთა ფეხბურთი გამოჩნდა ტელევიზორებში, რამაც თამაშის პროპაგანდისტული ხასიათი კიდევ უფრო გამოკვეთა და ეფექტური გახადა საბჭოთა საზოგადოების მობილიზებისთვის. ერთი მხრივ, ფეხბურთი მისაწვდომი გახდა ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქისთვის ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. გარდა ამისა, სატელევიზიო საგანმანათლებლო სამიზნე ჯგუფი საბჭოთა პროპაგანდისთვის კიდევ უფრო გაიზარდა.

მეორე მხრივ, ამ პროცესმა გამოიწვია საბჭოთა ფანობის კულტურის დისციპლინის აქამდე დამკვიდრებული ჩარჩოებიდან გამოსვლა: ფანკულტურამ 1960-იანი წლებიდან თავისუფლების, ორთქლის გამოშვების მეტი რესურსი შეიძინა, ხოლო სახელმწიფომ ხელახლა დაიწყო ტრიბუნებზე დისციპლინარული ზომების მიღება. მაგალითად, 1967 წელს სსრკ საფეხბურთო ფედერაციის პროპაგანდის კომისიიდან უკრაინულ ადგილობრივ საფეხბურთო ერთეულებთან დაიგზავნა გამაფრთხილებელი წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ მოხალისეთა ჯგუფები და მილიცია მზადდებოდა „უკულტურო“ ფანების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ გზით სახელმწიფო ცდილობდა, აღეკვეთა არა მხოლოდ ხულიგანიზმი საბჭოთა მოედნებზე, არამედ ემოციური შეძახილები და მოქმედებები, რომლებიც „დაბალი კულტურის“ მაჩვენებელი იყო. ასე დაიწყო სტადიონებზე კვოტების და ზონების გამოყოფა მილიციისთვის, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა დისციპლინა ტრიბუნებზე, მათ შორის, საბჭოთა საქართველოშიც.

თუმცა, აკა მორჩილაძე ამბობს, წლებთან ერთად, საბჭოთა ეპოქისგან თავის დაღწევა საქართველოში სწორედ ფეხბურთის გავლით მოხდაო. საქართველოშიც და მის მიღმაც, ბევრ საბჭოთა საზოგადოებას გაუღვივა შინაგანი თავისუფლების შეგრძნება მოედანზე შეკრებებმა, საყვარელი გუნდის ქომაგობის ტრადიციულმა რიტუალმა, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან შემოპარებულმა სპორტულმა ჟურნალებმა, რომლებიც ევროპული ფეხბურთის ამბების საკითხავად ხელიდან ხელში ჩუმად გადადიოდა. გავა რამდენიმე ათეული წელი. საბჭოთა ფეხბურთი საბჭოთა კავშირთან ერთად ეროვნულ ფედერაციებად დაიშლება. უკრაინელები ბევრს მიაღწევენ - მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მეოთხედფინალსაც კი, ქართველები ასე შორს ჯერ ვერ წავლენ, რუსები კი...

პოსტსაბჭოთა რუსეთის იმპერიული სენტიმენტები ანუ „რაღაცები არასდროს იცვლება“

„იმედი გვაქვს, რომ რომ აქ ჩამოსული გულშემატკივარი და სპორტსმენები ისიამოვნებენ რუსეთში - ღია, სტუმართმოყვარე და მეგობრულ ქვეყანაში ყოფნით“ - ასე მიესალმა საზოგადოებას ვლადიმირ პუტინი 2018 წლის 14 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც ლუჟნიკის სტადიონზე შედგა. ყირიმი ანექსირებულია, დონბასი ოკუპირებული, ნოვიჩოკის მომწამვლელი გეოპოლიტიკა, სკრიპალების საქმის სახით, უკვე დიდ ბრიტანეთსაც გადასწვდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსკოვი ცივილიზებულ სამყაროსთან ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრ დაპირისპირებაში მოვიდა. პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი მაინც რუსეთში ტარდება და დიქტატორს კიდევ ერთხელ ეძლევა ერთ-ერთი ყველაზე გლობალური ტრიბუნა, რომელზეც ის მსოფლიოს წინაშე საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს.

უქმად ეს შესაძლებლობა არც ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერ რამზან კადიროვს გაუფლანგავს. გროზნომ საპატიო ბანკეტით უმასპინძლა ეგვიპტის ეროვნულ გუნდს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩეჩნეთში ემზადებოდა. ამ ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს, მოჰამედ სალაჰს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობაც ერგო წილად. რამზან ახმატოვიჩმაც სიამოვნებით გამოიყენა შანსი და სალაჰთან ერთად ახმატ არენაზე გადაღებული რამდენიმე მოღიმარი ფოტო გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ როდესაც დასავლურმა მედიამ მას ბრალი დასდო ფეხბურთის და ფეხბურთელების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით გამოყენებაში, კადიროვმა BBC-ს საკმაოდ აგრესიული კომენტარი მისცა, რომელიც დაასრულა სიტყვებით „ჩვენი მტრები, რომლებიც ასეთ რამეებს წერენ, აუცილებლად დაისჯებიან“.

ამგვარად, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2018 წელს რუსეთში ჩატარება თანამედროვე რუსეთის ცხოვრებაში და კონკრეტულად პუტინის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროპაგანდისტული მიღწევაა, რომელიც მან კრემლის ძლევამოსილების და მისი საბჭოთა მემკვიდრეობასთან მჭიდრო კავშირის წარმოსაჩენად გამოიყენა. ვინ იცის, იქნებ ზოგიერთ არხეინ დასავლელ ტურისტს მაშინ ეგზოტიკადაც მიაჩნდა 21-ე საუკუნის რუსი გულშემატკივრის ხელში აფრიალებული საბჭოთა დროშა; ან საბჭოთა ყაიდაზე შექმნილი პოსტერი, რომელსაც ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, იან ბრემერმა ტვიტიც მიუძღვნა წარწერით „რაღაცები არასდროს იცვლება“.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი. საბჭოთა მეკარე ლევ იაშინი იგერიებს ბურთს,
რომლის ზედაპირზეც გამოსახულია თანამედროვე რუსეთის კონტურები. გორ გუროვიჩი, 2018 წ.

რუსეთის შესახებ ეს მრავლისმთქმელი შეფასება რომ ზუსტია, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დროსაც დადასტურდა. რუსებს ერთი ამბის გამო UEFA-სთან დაჩივლება მოუხდათ: ტურნირზე უკრაინის ნაკრები წარმოდგენილი იყო ტრადიციული ყვითელი ფორმით, რომელზეც გამოსახული იყო უკრაინის რუკა ყირიმის, ლუგანსკის და დონეცკის ჩათვლით. ყველაზე გავრცელებული ფოლკლორული თქმულების მიხედვით, ყვითელი ფერი უკრაინის დროშაზე ასახავს ხორბლის ველებს, რაც ქვეყნის სიმდიდრესთან ერთად, ერის ისტორიის უდიდეს ტრაგედიასთან - ჰოლოდომორთან - არის კავშირში. ბედის ირონიაა, რომ თითქმის საუკუნის წინ ამ უდიდესი ტრაგედიის შემოქმედი სწორედ საბჭოთა კავშირი იყო - სახელმწიფო, რომლის სამართალმემკვიდრეები 2021 წელს უკრაინელების საფეხბურთო მაისურს ებრძოდნენ.

რუსების მცდელობის მიუხედავად, ევრო 2020-ის უკრაინული მაისური „პოლიტიკურ პროვოკაციად“ შეფასებულიყო, ისინი მაინც ვერაფერს გახდნენ. UEFA-ს დაშვებით, უკრაინელებმა ევროპის წინაშე ითამაშეს ფორმით, რომელიც აჩვენებდა, რომ ფეხბურთელები „მთელი უკრაინისთვის იბრძოდნენ“.

სწორედ ასე თქვა მაშინ უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრიი პაველკომ, რომელსაც ერთ წელზე ნაკლებ დროში თავის ქვეყანაში შეჭრილ რუსებთან დაუნდობელ ბრძოლაში ჩართვა.

„აჩვენეთ, რა შეგიძლიათ!“ - განგაშის სირენები უკრაინულ ქალაქებში და რუსული საფეხბურთო დუმილი

სწორედ ეს ისტორიული ფორმა იქცა ანტიუკრაინული პროპაგანდის ერთ-ერთ ელემენტად. პუტინის ხედვით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ წოდებული შეჭრის მთავარი მოტივი უკრაინის დენაციფიკაციაა. ამ ნარატივს ირეკლავს, მაგალითად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმა უჭირავს სვასტიკის გამოსახულებით. სვასტიკა ფოტოს ორიგინალ ვერსიაში პრეზიდენტის მაისურზე დატანილი 95 ნომერია (სტუდია „კვარტალ 95“-ის აღსანიშნად, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ზელენსკია). ეს სწორედ ის ფორმაა, რითაც უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მისი ქვეყანა ერთიანია და განუყოფელი. ეს დღემდე უკრაინელების მთავარი გზავნილია რუსეთისთვის.

რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის დღიდან მსოფლიო ფეხბურთი ისე ახმაურდა, როგორც არასდროს. წამყვან ევროპულ ლიგებში მოთამაშე უკრაინელ ფეხბურთელებს აღფრთოვანებული აპლოდისმენტებით ამხნევებენ, თანაგუნდელები კაპიტნობის პატივს უთმობენ, ტრიბუნებზე მეტოქე გულშემატკივრებიც კი მათ გოლებს პატივისცემით ხვდებიან.

ვესტ ჰემის უკრაინელი ფორვარდი, ანდრიი იარმოლენკო აღნიშნავს ასტონ ვილასთან გატანილ გოლს. 13 მარტი, 2022 წ.

თუმცა ასეთი მონაკვეთები ვერაფრით არღვევს იმ საერთო სიჩუმეს, რომელიც ფარდის მეორე მხარეს მოქცეულ რუსეთშია. „ბიჭებო, თქვენ გაქვთ გავლენა ხალხზე, აჩვენეთ რა შეგიძლიათ!“ - იარმოლენკოს ამ მიმართვას რუსი ფეხბურთელებისადმი რუსეთში დიდად არავინ ეხმაურება.

არტიომ ძიუბა პასუხობს საერთო აჟიოტაჟს ინსტაგრამ პოსტით: „მე არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ. ვამაყობ იმით, რომ რუსი ვარ. არ მესმის, რატომ უნდა იტანჯებოდნენ სპორტსმენები“. აქ ზედმეტი ხმაური ცოტას უნდა, და კიდევ უფრო ცოტას შეუძლია. როცა საქმე საბჭოთა მემკვიდრეობას ეხება, მართლაც არის რაღაცები, რაც არასდროს იცვლება.

2022 წლის 18 მარტს კი კრემლმა კვლავ აახმაურა მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონი, ამჯერად ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავის აღსანიშნავად. ლუჟნიკიზე პუტინის 4 წლისწინანდელი გამოსვლისგან განსხვავებით, ახლა უკვე ამ სტადიონზე მსოფლიოსგან საბოლოოდ ზურგშექცეული, ცივილურ სამყაროს მოწყვეტილი ხალხის პრეზიდენტი მიმართავს ტრიბუნებს. ვლადიმირ პუტინი საუბრობს ქვეყანაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ბოროტებას ებრძვის და განსაცდელში მყოფ მეგობრებს ეხმარება. და ეს ნამდვილად სჯერა იმ გულშემატკივარს, 2018 წლის მუნდიალს საბჭოთა კავშირის დროშით რომ ეგებებოდა.

რუსები ალბათ კიდევ დიდხანს იოცნებებენ არარსებულ სამშობლოებზე.

ამასობაში კი, დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთი ტრადიციული საფეხბურთო საღამოა. ანდრიი იარმოლენკო ასტონ ვილას წინააღმდეგ თამაშის 70-ე წუთზე ანგარიშს ხსნის. მოწინააღმდეგის გულშემატკივრები ფეხზე დგანან, ჩერნიგოვოელი ფეხბურთელის ემოციურ აღნიშვნას აპლოდისმენტებით ეგებებიან. მათ იციან, რომ ტაშს უკრავენ უკრაინელების ევროპის მეორე ბოლოს დამპყრობელთან გამართულ გმირულ ბრძოლას. ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, სადაც, ჯერ კიდევ საბჭოთა დროებიდან მოყოლებული, რაღაცები იშვიათად იცვლება.

ნინო სამხარაძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი, (ქართული) ფეხბურთის გულშემატკივარი და მოყვარული, ფეხბურთის არასაფეხბურთო ამბების მკვლევარი.

კომენტარები

ბოლო ამბები