Thumbnail

დინამო ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ბათუმური კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გააკეთა. 

მანამდე დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებმა რუსეთი დატოვეს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კარიერას საქართველოს ჩემპიონების რიგებში გააგრძელებენ, თუმცა არჩილ ბერიძემ პოპსპორტთან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციის დადასტურების საფუძველი კლუბს ჯერ არ აქვს.  

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი): "ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის დინამო ბათუმში შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ამ ეტაპზე მხოლოდ ასე შემიძლია გამოვეხმაურო: ჩვენ, რა თქმა უნდა, ფრიად მოხარულები ვიქნებით, თუ ეს ფეხბურთელები დინამო ბათუმში აღმოჩნდებიან და გარკვეულ პერიოდს ჩვენს გუნდში გაატარებენ, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების საფუძველი არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ხვიჩას და ზურიკოს საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხლოებულ სანაკრებო მატჩებში".

ხვიჩას და ზურიკოს რუსეთიდან წამოსვლას საქართველოში დიდი ხანია ელოდებიან

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი რუსეთში 2019 წლიდან თამაშობდნენ. თავიდან ორივე ფეხბურთელი რუბინში გამოდიოდა, თუმცა მომდევნო სეზონში ზურიკო ჯერ იჯარით ვოლგოგრადის როტორში, შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტით ტულის არსენალში გადავიდა. ხვიჩას რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ზურიკოს კი არსენალთან - 2023 წლის 30 ივნისამდე, თუმცა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ფიფა/უეფას მიერ რუსეთზე დაკისრებული სანქციების შემდეგ, ამ ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერებმა კლუბების დატოვების უფლება ზაფხულამდე მიიღეს.

ამჟამად ორივე ფეხბურთელი ვილი სანიოლის განკარგულებაშია და ეროვნული გუნდის გასვლითი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება - ბოსნია-ჰერცეგოვინასა (25 მარტს) და ალბანეთთან (29 მარტს).

დინამო ბათუმს ეროვნული ლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდს მე-6 ტურის მატჩის ჩატარება 2 აპრილს, შინ თელავთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები