Thumbnail

კბილი მოტეხა, თვალი დაუზიანა - მასვიდალმა კოვინგტონს ქუჩაში სცემა

  • ხორხე მასვიდალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
  • მებრძოლები ერთმანეთს ოქტაგონზე 5 მარტს შეხვდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გუშინ ღამით, UFC-ის ვარსკვლავები - ხორხე მასვიდალი და კოლბი კოვინგტონი ერთმანეთს მაიამის ქუჩაში, Papi Steak Restaurant-თან დაუპირისპირდნენ. ჩხუბის შედეგად ხორხემ კოლბის კბილი მოტეხა.

როგორც MMAFighting წერს, მაიამის პოლიციის რეპორტის მიხედვით, მასვიდალს რამდენიმე მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, სწორედ ის დაესხა თავს კოვინგტონს. კოლბი კი გაიქცა, მაგრამ ხორხეს ვერ გაასწრო და ამ უკანასკნელმა მსხვერპლს მოულოდნელად სახეში ორჯერ მუშტი უთავაზა. კოვინგტონი ადგილზე მისულ სამართალდამცავებს, სწორედ ამას უყვებოდა. ცხადია, პოლიციაში თავად დაშავებულმა მებრძოლმა დარეკა.

რეპორტის მიხედვით, მასვიდალის ერთი მუშტი კოვინგტონს კბილებში, მეორე კი თვალში მოხვდა. ასევე, კოლბის ჩვენებით, ხორხემ თავდასხმამდე დაუძახა: "ჩემს შვილებზე არ უნდა გელაპარაკა". ჩხუბის შემდეგ კოვინგტონს 1 კბილით ნაკლები და ჩალურჯებული თვალი დარჩა. უფრო დიდი დაზიანებისგან მებრძოლი იმან იხსნა, რომ რესტორნის ჰოლში შესვლა მოახერხა.

მეორე დღეს მასვიდალმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა:

"ამ წარმოდგენას შენი სახის ჩელენჯი დავარქვათ. როცა სიბინძურეს ლაპარაკობ, უნდა იცოდე, რომ ის შენვე დაგიბრუნდება. ასეთია ქალაქის წესები." 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 5 მარტს, 18 დღის წინ მებრძოლები ერთმანეთს UFC-ის ოქტაგონზე დაუპირისპირდნენ. ოფიციალურ ჩხუბში კოვინგტონმა მასვიდალი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქუჩაში კი ხორხემ აჯობა, რომელიც ჯერ არ დაუპატიმრებიათ. მაიამის პოლიციამ ვიდეო ჩანაწერები ამოიღო და მოწმეების დაკითხვას განაგრძობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები