Thumbnail

მედლის შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე! - საფინას და ბერულავას ფანტასტიკური გამოსვლა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ქართულ დუეტს, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე შანსი აქვს, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორია კიდევ ერთხელ გადაწეროს. 18 წლის საფინამ და 19 წლის ბერულავამ ეს ერთხელ უკვე შეძლეს, როცა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა ციგურაობაში მე-9 ადგილი დაიკავეს. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პოზიციაა ზამთრის ოლიმპიადებზე. 

ქართულმა წყვილმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა

ახლა საფინა და ბერულავა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მათ ტურნირი შესანიშნავად დაიწყეს. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ქართული შედეგი მე-10 ადგილია (ელენე გედევანიშვილი), თუ სასწაული არ მოხდა, ეს აუცილებლად გაუმჯობესდება, მაგრამ მეტის იმედი გვაქვს - ქართული წყვილი მედლებისთვის იბრძვის, რადგან მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზეა! 

საფინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამაში თავიანთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს - 67.36. ისინი 14 წყვილში მე-4 პოზიციაზე არიან. პირველ ადგილზე ალექსა კნიერიმისა და ბრენდონ ფრეზიერის დუეტია - 76.88 ქულით. მეორეზეც ამერიკელები არიან - ეშლი კეინი და ტიმოტი ლედაკი - 75.85. მესამე პოზიცია იაპონელებს უკავიათ - რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა - 71.58. როგორც ხედავთ, ამ სამეულთან ჩამორჩენა შესამჩნევია, თუმცა დაუძლეველი არ არის. ქართველებს ქულით ჩამორჩებიან კანადური და გერმანული წყვილები. 

თავისუფალი ციგურაობა 24 მარტს გაიმართება, ქართული დუეტი ბოლო, მე-4 ჯგუფს ხსნის. შეჯიბრება თბილისის დროით 22 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის გამო რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მოკვეთილი არიან, ხოლო ჩინეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები