Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინთან კონტრაქტი შეაჩერა და მინიმუმ, სეზონის დარჩენილ ნაწილს დინამო ბათუმში გაატარებს. როგორი იქნება 21 წლის ფეხბურთელსა და საქართველოს ჩემპიონ კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტი, ჯერჯერობით უცნობია. ასევე გაურკვეველია, სად ითამაშებს ხვიჩა ზაფხულის შემდეგ და მოხდება თუ არა რუბინთან 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის სრულებით გაწყვეტა.

როგორც ჩანს, ხვიჩა რუსეთში არც ზაფხულის შემდეგ დაბრუნდება

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო, ფიფამ რუსეთს სანქციები დაუწესა, ამ ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერებს კი ზაფხულამდე სხვა ქვეყნის კლუბებში თვითნებურად წასვლის უფლება მისცა. ბუნებრივია, transfermarkt-ის მიერ 16 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის უსასყიდლოდ გაშვების გამო ძალიან შფოთავენ რუბინში. რუსული კლუბის სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი არ მალავს, რომ ხვიჩას წასვლამ ძალიან დააღონა. 

"კვარაცხელიას წასვლა რუბინისთვის უდიდესი დანაკარგია. ძალიან დაღონებული ვარ იმის გამო, რომ მან ჩვენი კლუბი დატოვა. თავად მოისურვა თუ არა წასვლა? ამაზე ლაპარაკიც არ მსურს. თითოეულ ლეგიონერს ამჟამად აქვს უფლება, დატოვოს რუსული კლუბი და ხვიჩამ ამ შესაძლებლობით ისარგებლა. მისი წასვლით ისევე ვარ დაღონებული, როგორც ჩვენი სხვა ლეგიონერების წასვლით", - აქვეყნებს იაროვინსკის სიტყვებს რუსული მედია

კვარაცხელია ლეონიდ სლუცკის გუნდის მთავარი მარგალიტი იყო

ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, რუბინში 2019 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა. ნახევარმცველმა 2021/22 წლების სეზონში ყაზანელთა ღირსება ყველა ტურნირის 22 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები