Thumbnail

ისტორიული შედეგი საქართველოსთვის - გუბანოვას მე-6 ადგილი მონპელიეში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 წლის მოციგურავემ მონპელიეში გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა
  • ეს შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოსთვის საუკეთესოა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ. 

19 წლის მოციგურავემ, რომელმაც საქართველოს სახელით გამოსვლა 2021 წელს დაიწყო და მისი ღირსება წელს პეკინის ოლიმპიადაზეც დაიცვა, მონპელიეში, მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა.

ეს შედეგი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში საუკეთესოა. შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს ჩემპიოანტებზე ყველაზე დიდი მიღწევა ელენე გედევანიშვილს ჰქონდა - 2012 წელს, მე-10 ადგილი.

შეგახსენებთ, რომ გუბანოვამ 23 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში 62.59 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ანასტასია 25 მარტს, თავისუფალ პროგრამაში განსაკუთრებით კარგად გამოვიდა -  მსაჯებისგან 134.02 ბალი დაიმსახურა და მეხუთე შედეგი აჩვენა, ორი პროგრამის ჯამში კი 186,61 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა. გუბანოვა მხოლოდ იაპონიის, ბელგიის, აშშ-ისა (2) და კორეის წარმომადგენლებს ჩამორჩა. 

 

მონპელიეში მსოფლიოს ჩემპიონატი 23-27 მარტს იმართება და მასში ქართველი სპორტსმენები ყველა კატეგორიაში წარსდგნენ. სპორტულ წყვილებში ასპარეზობა ასევე დაასრულა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა. 

26 მარტს, კაცების კატეგორიის თავისუფალ პროგრამაში გამოვა მორის ყვითელაშვილი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-7 ადგილზეა. მოგვიანებით, მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი (სპორტული ცეკვები), რომელმაც რითმულ ცეკვაში მე-17 ადგილი დაიკავა, თავისუფალ ცეკვას შეასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები