Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს წარმომადგენელი ათივე წონაში ეყოლება
  • ტურნირი 28 მარტს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიწყება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 28-30 მარტს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს. თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება.

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) მეოთხედფინალშია დაშვებული და სლოვაკ მარტინ ძიძიკსა და რუმინელ რაზვან კოვაჩს შორის უმჯობესს დაელოდება. თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.) კვალიფიკაციაში უნგრეთის სახელით მოასპარეზე გამზატგაჯი ხალიდოვს შეერკინება, ხოლო ბექა ლომთაძის (65 კგ.) მეტოქე რუმინელი სტეფან კომანი იქნება.

ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) მერვედფინალში ძალებს შვეიცარიელ მარკ დიეტშესთან მოსინჯავს, გიორგი სულავა (74 კგ.) ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ოთხზგის ჩემპიონ იტალიელ ფრანკ ჩამიზოს შეხვდება, ვლადიმერ გამყრელიძეს (79 კგ.) უნგრელი ჩაბა ვიდა ელის, ხოლო ტარზან მაისურაძეს (86 კგ.) – სლოვაკი ბორის მაკოევი.

მირიან მაისურაძე (92 კგ.) პირდაპირ მეოთხედფინალშია და სომეხ ჰოვანეს მხითარიანს დაუპირისპირდება, ელიზბარ ოდიკაძის (97 კგ.) მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვისა და ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასის წყვილში გამარჯვებული იქნება, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) კი იტალიელ კონიედო რუანოსა და ფინელ იერე ჰეინოს შორის უმჯობესს შეხვდება. ვთქვათ ისიც, რომ გენო ფინალამდე ვერ შეხვდება უმთავრეს მეტოქე ტაჰა აკგულს (თურქეთი).

ცნობისთვის, 28 მარტს უნგრულ ხალიჩაზე 57, 65, 70, 79 და 97 კგ-მდე წონითი კატეგორიების წარმომადგენლები გავლენ და წინასწარ ეტაპებს მოილევენ. აღნიშნულ წონებში მედლები 29 მარტს გათამაშდება და იმავე დღეს საქმეში 61, 74, 86, 92 და 125 კგ-ებში მოჭიდავეები ჩაებმებიან, რომლებიც პრიზიორებს 30 მარტს გამოავლენენ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატს პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 5 მედალი (1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) მოიპოვეს. ფინალური ორთაბრძოლა დათმო სანდრო ამინაშვილმა (86 კგ.), ბრინჯაოს მედლები კი ბექა ლომთაძემ (61 კგ.), ნიკა კენჭაძემ (79 კგ.), ელიზბარ ოდიკაძემა და გენო პეტრიაშვილმა დაისაკუთრეს.

გასულ წელს ტრიუმფალურად იასპარეზეს რუსმა მოჭიდავეებმა, რომელთა მონაგარიც 6 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი იყო. წლეულს, ცნობილი მოვლენების გამო, რუსულ დელეგაციას ვერც მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ, ეს კი, სხვების (მათ შორის, ქართველების) შანსებს საგრძნობლად ზრდის.

ხვალ, ბუდაპეშტში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი იწყება და ასპარეზობაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან 👊🇬🇪 მოჭიდავეების დღევანდელი ვარჯიშის კადრები ბუდაპეშტიდან🎥👇

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, March 27, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები