Thumbnail

იტალიის ნაკრებში დიდი ეპოქა მთავრდება: ‘კორიერე დელო სპორტის’ ინფორმაციით, “სკუადრა აძურას” კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

კიელინი იტალიის ნაკრების გულშემატკივრებს 1 ივნისს, ლონდონში დაემშვიდობება - იქ, სადაც 8 თვის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალი მოიგო და თასი აღმართა. ეს არგენტინასთან მატჩში მოხდება. კიელინის წასვლის შემდეგ იტალიის ნაკრების კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი გახდება.

‘კორიერე დელო სპორტი’ ასევე წერს, რომ კიელინი იუვენტუსის შემდეგ (დიდი ალბათობით, ამ სეზონის დასრულებისთანავე), სავარაუდოდ ერთ სეზონს MLS-ში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ ჯორჯო 37 წლისაა და 14 აგვისტოს 38-ის ხდება. იტალიის ნაკრებში მას 115 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

კიელინიმ შარშან იუვესთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააგრძელა. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, ჯორჯომ ნაკრებიდან წასვლასთან ერთად, სეზონის ბოლოს ტურინული გრანდის დატოვებაც გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები