Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 123:132 ატლანტა ჰოუკსი
  • ატლანტას მოგება იანგის და ბოგდანოვიჩის დამსახურებაა
  • გოგა ბითაძემ 14 ქულა დააგროვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გოგა ბითაძის ინდიანასგან განსხვავებით, ატლანტა პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. პეისერსს ამ სეზონში განსაკუთრებული სპორტული მოტივაცია აღარ აქვს და ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო, ატლანტამ კი, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა (38 მოგება, 37 მარცხი), ამ გამარჯვებით ერთის მხრივ ნიუ იორკ ნიქსთან (34 მოგება, 42 მარცხი) უპირატესობა შეინარჩუნა, ხოლო მეორე მხრივ, შარლოტთან (39-37)) ჩამორჩენა შეამცირა. ეს პირველ რიგში ბოგდან ბოგდანოვიჩისა და ტრეი იანგის დამსახურება გახლდათ.

იანგმა 16 ასისტი შეასრულა, რაც ამ სეზონში მისთვის საუკეთესო შედეგია. კიდევ ორი პასიც და ტრეი ასისტების მხრივ კარიერის საუკეთესო შედეგსაც დადებდა. თუმცა ეს მას ნაკლებად ადარდებს - მთავარია, რომ ატლანტამ მოიგო. პირველსავე მეოთხედში ტრეიმ და კომპანიამ 14-დან 10 სამქულიანი ჩააგდეს და სასტარტო პერიოდი 14-ქულიანი უპირატესობით, 44:30 მოიგეს. საბოლოოდ, ატლანტამ 35-დან 17 სამიანი ჩააგდო და გუნდს სროლების 55-პროცენტიანი სისუზტე ჰქონდა. მართალია, ინდიანა იბრძოდა, მაგრამ სტუმრებს მუდმივად ჰქონდათ სწორი და დროული პასუხი.

ბოგდანოვიჩმა თამაში 29 ქულით (5/7 სამქულიანი) დაასრულა. კევინ ჰიურტერმა და კლინტ კაპელამ (15 მოხსნა) 22-22 ქულა ჩააგდეს, იანგს კი ქულების მხრივ პრობლემები ჰქონდა (14 ქულა, 2/9 მოხსნა).

პეისერსიდან განსაკუთრებით ჰალიბერტონი გამოირჩა - 25 ქულით, 13 პასით და 2-2 ჩაჭრითა და დაფარებით. ბადი ჰილდს 26 ქულა ჰქონდა (5/7 სამიანი). ზოგადად, ინდიანამ 36 მცდელობიდან 17 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.

რაც შეეხება ბითაძეს: ინდიანას ქართველმა ცენტრმა პარკეტზე ნახევარი საათი გაატარა და ამ დროში 14 ქულა დააგროვა. გოგამ 11-დან 5 სროლა ჩააგდო, მათ შორის 2-დან 1 სამქულიანი. მისი სამივე საჯარიმო ზუსტი გახლდათ. 5 მოხსნიდან 4 შეტევაში ჰქონდა, 1 დაცვაში, 4 ასისტი შეასრულა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს 31 მარტს, დენვერ ნაგეთსთან გამართავს და 4-მატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტას შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები