Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთისა და საუდის არაბეთის მატჩით იწყება
  • აზიური გუნდი მუნდიალის გახსნით მატჩში პირველად ითამაშებს
  • მუნდიალის მასპინძელს პირველი მატჩი არასდროს წაუგია

4-წლიანი ლოდინი დასრულებულია - უდიდესი საფეხბურთო ზეიმი იწყება!

მარიო გიოტცეს მიერ არგენტინის ნაკრების კარში გატანილი ოქროს გოლიდან 1432 დღის შემდეგ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდების მატჩი გახსნის.

რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი

ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია. ამხანაგური მატჩები ორივემ ჩააგდო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს მატჩი საინტერესოა, ის გახლავთ, რომ საქმე მუნდიალის პირველ, გახსნით შეხვედრასთან გვაქვს. მიუხედავად პრობლემებისა, რუსეთის ნაკრები ფავორიტია - მასპინძელია და იმიტომ. არადა, არაადეკვატური სტანისლავ ჩერჩესოვის უხეირო გუნდმა ვერცერთი ტესტ-მატჩი ვერ მოიგო. რუსების უკანასკნელი გამარჯვება 2017 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა მათ სამხრეთ კორეა დაამარცხეს. საუდის არაბეთმა ზედიზედ სამი ტესტ-მატჩი წააგო, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საუდელები იტალიას, პერუს და გერმანიას შეხვდნენ - ანუ, იოლი მეტოქე არ ჰყოლიათ.

მიუხედავად პრობლემებისა, რუსები ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებობენ - ამისათვის კი, აუტსაიდერ საუდის არაბეთთან გამარჯვება აუცილებელია. ჩერჩესოვის გუნდს ფრეც კი არ აწყობს. არადა…

► რუსეთის ნაკრებს მუნდიალის მატჩი 2002 წლის შემდეგ არ მოუგია.

► საუდის არაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ბოლოს 1994 წელს მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური თვალსაზრისით, რუსეთს ასეთი სუსტი გუნდი ალბათ არასდროს ჰყოლია, ჩერჩესოვი ყველა პრესკონფერენციაზე იმეორებდა, რომ მის გუნდში ყველაფერი კარგადაა და რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადაა. ასე იყო ბოლო პრესკონფერენციაზეც. ჩერჩესოვმა კრიტიკულ კითხვებს თავი აარიდა.

იცოდით?

მასპინძელს გახსნითი მატჩი არასდროს წაუგია!
რა მოხდება დღეს?

“გრძელი გზა გამოვიარეთ და, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენ, რუსები მანქანით გზაზე ვდგებით, გაზს ბოლომდე ვაძლევთ. ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ, არამედ საქმეზე გადავდივართ,” - განაცხადა რუსეთის ნაკრების დამრიგებელმა და კითხვაზე, რას გააკეთებს მისი გუნდი საუდის არაბეთთან, არ უპასუხა.

სტანისლავ ჩერჩესოვი პრესკონფერენციაზე

“გვინდა, ყველას ვუჩვენოთ, რომ გვაქვს უფლება, ასეთი დიდი ტურნირი ჩავატაროთ. ყველა სტადიონი მზადაა - მე თითოეული არენა მოვინახულე. ასევე გვინდა ყველას ვუჩვენოთ, რომ ჩვენ, რუსები, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია გვაქვს: ეს უბრალოდ ფაქტია. მწვრთნელი კრიტიკისთვის მზად უნდა იყოს. მე სტატიებს არ ვკითხულობ. კრიტიკა უბრალოდ არსებობს და იარსებებს. ზოგმა ნაკლებად გაგვაკრიტიკა, ზოგმა - მეტად. ჩვენ ვვარჯიშობდით,” - დასძინა რუსეთის ნაკრების დამრიგებელმა, რომელიც 2002 წელს მუნდიალზე მესამე მეკარის რანგში იყო წაყვანილი. მაშინ ის 38 წლის გახლდათ…

რაც შეეხება საუდის არაბეთის ნაკრებს - ამ გუნდში კარგად იციან, რომ ჯგუფის აუტსაიდერები არიან. შესაბამისად, ისიც იციან, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ. საუდელები, დიდი ალბათობით, ფრთხილად ითამაშებენ. გუნდს ხუან ანტონიო პიცის სახით გამოცდილი და საკმაოდ ჭკვიანი დამრიგებელი ჰყავს, რომელიც შეეცდება, საწყის წუთებში მეტოქეს დააკვირდეს და მერე რამე მოიფიქროს.

როგორც წესი, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლები პირველ მატჩს არ აგებენ - მუნდიალების ისტორიაში ასეთ ფაქტს ვერ ნახავთ. აღსანიშნავია, რომ 1970 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები მუნდიალის გახსნით მატჩში მონაწილეობდა და მასპინძელ მექსიკასთან უგოლო ფრე დააფიქსირა.

სავარაუდო შემადგენლობები

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, კუდრიაშოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - კუზიაევი, ზობნინი - სამედოვი, ძაგოევი, გოლოვინი - სმოლოვი.

საუდის არაბეთი (4-2-3-1): ალ-მაიუფი - ალ-შაჰრანი, ოს. ჰავსავი, ომ. ჰავსავი, ალ-ბრეიკი - ოტაიფი, ალ-იასიმი - ალ-ფარაჯი, ალ შერი, ალ-დავსარი - ალ-მუვალადი.

მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

კომენტარები

ბოლო ამბები