Thumbnail
  • კატარის მუნდიალზე 32 მონაწილიდან 27-ის ვინაობა ცნობილია
  • 29 მარტს 5 საგზურის ბედი აფრიკაში გაირკვა, ორის - ევროპაში
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

29 მარტს ევროპასა და აფრიკაში საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალურმა მატჩებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ 7 მონაწილე გამოავლინა. ასე რომ, ახლა კატარის მუნდიალის 32 მონაწილიდან 27 უკვე ცნობილია. 

ევროპაში პლეი ოფის ორი ფინალური მატჩი გაიმართა - პორტუგალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას კიდევ ერთი სენსაციის მოხდენის შანსი არ მისცა და პორტუში მანჩესტერ იუნაიტედის ბრუნო ფერნანდეშის დუბლით 2:0 მოუგო. ამის წყალობით, პორტუგალია ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს მუნდიალზე. კრიშტიანო რონალდოს შესანიშნავი შანსი აქვს კარიერაში მეხუთე მუნდიალი ითამაშოს.


სილეზიაში პოლონეთის ნაკრებმა აღმაფრენით ითამაშა შვედეთთან და რობერტ ლევანდოვსკისა და პიოტრ ჟელინსკის გოლებით მეტოქე 2:0 დაამარცხა. კატარში პოლონეთი მეცხრე მუნდიალს ითამაშებს. 


აფრიკაში ხუთი საპასუხო ფინალური მატჩი გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, სენეგალისა და ეგვიპტის დაპირისპირება იწვევდა. ბულაიე დიას გოლით სენეგალმა ძირითადი დრო 1:0 მოიგო (ეგვიპტემ შინ ამავე ანგარიშით) გაიმარჯვა. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც სალაჰმა და კომპანიამ ცუდად შეასრულა და 1:3 დათმო. სენეგალი მუნდიალზეა, ისტორიაში მესამედ.


მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს განის ნაკრებიც, რომელმაც ნიგერია ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი გოლით დაამარცხა. განაში პირველი უგოლო მატჩის შემდეგ ნიგერიაში 1:1 დაფიქსირდა. ტომას პარტეის გოლს ტრუსტ-ეკონგმა უპასუხა, მაგრამ ეს შედეგი განელებს აწყობდათ. აღსანიშნავია, რომ აფრიკაში ჯერ კიდევ მოქმედებს სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა, ამიტომაც გადაწყვიტა ყველაფერი ამ წესმა.

მაროკომ კონგოს ორი მატჩის ჯამში 5:2 მოუგო და დამსახურებულად გავიდა მუნდიალზე, ტუნისი მალის შინ 0:0 დაუზავდა, მაგრამ რადგან სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული, მუნდიალზე ეს არაბული ქვეყანა გავიდა. ალჟირი ძირითად დროში 0:1 დამარცხდა კამერუნთან (პირველ მატჩში სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული). ამიტომაც დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 118-ე წუთზე აჰმედ ტაუბას თავური დარტყმა, თითქოს, გადამწყვეტი გამოდგა, მაგრამ მე-4 კომპენსირებულ წუთზე (124-ე წუთი) ლიონის ფორვარდმა კარლ ტოკო ეკამბიმ კამერუნს მუნდიალის საგზური მოუპოვა. 

მუნდიალის 27 მონაწილე: კატარი, გერმანია, დანია, ბრაზილია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, არგენტინა, ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი, ეკვადორი, ურუგვაი, კანადა, განა, სენეგალი, პორტუგალია, პოლონეთი, ტუნისი, მაროკო, კამერუნი. 

30 მარტს ორი საგზურის მფლობელი გვეცოდინება კონკაკაფის ზონიდან. დიდი ალბათობით, აშშ და მექსიკა. 

კომენტარები

ბოლო ამბები