Thumbnail

წილი ნაყარია - დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფები გაირკვა!

32 ნაკრები რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. A ჯგუფის პირველ გუნდად კატარის ნაკრები ალბათ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც: როგორც იცით, კატარი მასპინძლის სტატუსის გამო პირველ კალათში, გრანდებთან ერთად იყო განთესეილი. აი, გერმანიის ნაკრები კი მეორე კალათში გახლდათ, რადგან ფიფას რეიტინგში მე-11 ადგილზეა. გუნდები სხვა კალათებშიც სწორედ ფიფას რეიტინგის მიხედვით იყვნენ განთესილები.

A ჯგუფი: კატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები.

B ჯგუფი: ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი/შოტლანდია ან უკრაინა.

C ჯგუფი: არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი.

D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია/პერუ ან საამიროები, დანია, ტუნისი.

E ჯგუფი: ესპანეთი, კოსტა რიკა ან ახალი ზელანდია, გერმანია, იაპონია.

F ჯგუფი: ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია.

G ჯგუფი: ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი.

H ჯგუფი: პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა.

მუნდიალის დარჩენილი სამი მონაწილე ზაფხულში გაირკვევა. ივნისში უელსის ნაკრები უკრაინისა და შოტლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს. სამხრეთ ამერიკისა და აზიის პლეი ოფში პერუს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ბოლო მონაწილე კი კოსტა რიკასა და ახალ ზელანდიას შორის დუელში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კონფედერაციიდან ჯგუფში ორი გუნდი ვერ მოხვდებოდა, მაგრამ ეს არ ეხებოდა ევროპას - უეფას წევრებიდან ჯგუფში ორი ნაკრებიც შეიძლებოდა მოხვედრილიყო.

წინა მუნდიალებისგან განსხვავებით, წილისყრაზე არ გარკვეულა მატჩების ზუსტი დროები და სტადიონები. რაკი კატარის სტადიონებს შორის მანძილი მცირეა, ფიფამ გადაწყვიტა, რომ ვარირების საშუალება ჰქონოდა.

წილისყრის ცერემონიას 2 000-მდე სტუმარი დაესწრო და საღამოს კარლი ლოიდი, ჯერმეინ ჯენასი და სამანტა ჯონსონი უძღვებოდნენ, რომელთაც კაფუ, ლოთარ მათეუსი, ადელ აჰმედ მალალაჰი, ალი დაეი, ბორა მილუტინოვიჩი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, რაბაჰ მაჯერი და ტიმ კეჰილი ეხმარებოდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მატჩების ზუსტი განრიგი და თამაშების დაწყების საათები წილისყრის შემდეგ დადგინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები