Thumbnail
  • ჩაკვეტაძემ ჰამბურგის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა
  • გერმანული მედია 22 წლის ნახევარმცველის მომავალზე წერს 

გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ჰამბურგში, სადაც სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის, ამ დრომდე გაურკვეველია. მეორე ბუნდესლიგის კლუბმა 22 წლის ქართველი ნახევარმცველი გენტიდან იანვარში დაიმატა, გამოსყიდვის უფლების გარეშე.

გიორგიმ მეორე ბუნდესლიგის 7 მატჩში ითამაშა, ბოლო ტურში კი პადერბორნთან (1:2) სადებიუტო გოლიც გაიტანა. ჩაკვეტაძე მოედანზე შეცვლაზე, 86-ე წუთზე შევიდა, გოლით კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე გამოირჩა. 


ჰამბურგი-პადერბორნის თამაშამდე გერმანულ მედიაში ქართველი ფეხბურთელის მომავალზე დაიწერა.

"გენტისგან იჯარით აყვანილი ფეხბურთელი ზამთარში მოვიდა, რათა შეტევის ხაზი გაეძლირებინა. ახლახან მან კლუბში აკლიმატიზაციისთვის საქართველოს ნაკრების მატჩების გამოტოვებაც კი გადაწყვიტა", - წერს fussball.news და აქვეყნებს ჩაკვეტაძის სიტყვებს, რომელიც მან გაზეთ Hamburger Abendblatt-სთან თქვა:

"დაველაპარაკე ნაკრების წარმომადგენლებს და ვუთხარი, რომ აჯობებდა, თუკი დავრჩებოდი, რათა თანაგუნდელები უკეთესად გავიცნო და შევეჩვიო ჰამბურგის თამაშს. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და მსურს კლუბში, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. ვნახოთ, რა იქნება მომავალში". 

როგორც ჩანს, ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება არ სურს

გაზეთის ცნობით, ქართველი ნახევარმცველის გერმანიაში უფრო დიდი ხნით დარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. 

"ბელგიურ კლუბთან მისი კონტრაქტის გამო, რომელიც მხოლოდ 2023 წლამდე მოქმედებს, ჩაკვეტაძის ყიდვა იაფადაც შეიძლება - მილიონ ევროზე ნაკლებად. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში როგორ წარმოაჩენს თავს ფეხბურთელი. ჰამბურგი ჩაკვეტაძეში იშვიათ უნარებს ხედავს, რომელსაც ის ჯერჯერობით არცთუ ხშირად ავლენდა. ასე რომ ჩაკვეტაძეს წინ კიდევ აქვს რამდენიმე მატჩი (7), რათა დაარწმუნოს კლუბი", - წერს fussball.news.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა ბელგიურ კლუბში შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ხშირი ტრავმების გამო ვერ შეძლო. 22 წლის ნახევარმცველს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები