Thumbnail
  • 'იმაზე ფიქრი, რომ იტალიას კატარში ვერ ვიხილავთ, ჩემთვის ცრემლების მომგვრელია'
  • ჯანი ინფანტინომ გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზული უწოდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კომენტარი გააკეთა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ირანის ნაკრების იტალიით ჩანაცვლება იგეგმება. ინფანტინომ Football Italia-სთან საუბარში აღნიშნულს არარეალური უწოდა.

“მოდით, სერიოზულები ვიყოთ... იტალიას თითქმის ყველა მუნდიალზე უთამაშია, სხვებს კი ასეთი შანსი იშვიათად ეძლევათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლის იმედი სხვებსაც ჰქონდეთ. იმაზე ფიქრი, რომ იტალიას კატარში ვერ ვიხილავთ, ჩემთვის ცრემლების მომგვრელია, თუმცა, სიტუაცია არ შეიცვლება”.

ირანის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი მას მერე დაიწყო, რაც ლიბანთან მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო მატჩში სტადიონზე ირანელი ქალი ქომაგები არ დაუშვეს.

იმ თამაშზე 12 500 ბილეთი იყო გაყიდული, საიდანაც 2000 ათასი ქალებს ერგოთ, თუმცა, ქალაქ მეშხედის სამართალდამცველებმა მათ გზა გადაუღობეს და დასარბევად წიწაკის სპრეიც კი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად ირანის ნაკრები მუნდიალის B ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ინგლისი, აშშ და პლეი-ოფის ერთ-ერთი გამარჯვებული (უელსი, შოტლანდია ან უკრაინა) ეყოლება. რაც შეეხება იტალიას, ის საპლეიოფო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები