Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების გარემარბი სეზონის ბოლომდე კრაკოვის ვისლაში ითამაშებს
  • 21 წლის ფეხბურთელი კრაკოვის კლუბს ექსტრაკლასაში დარჩენაში უნდა დაეხმაროს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრებისა და კიევის დინამოს გარემარბი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. 21 წლის ფეხბურთელი კრაკოვის ვისლას ღირსებას სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას და კონტრაქტის ხელმოწერის ფოტოებს პოლონეთის 13-გზის ჩემპიონების ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გიორგი ვისლაში 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს

წიტაიშვილმა სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ოდესის ჩერნომორეცში გაატარა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, ფეხბურთელს ქვეყნის დატოვება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ ომის დაწების გამო, ფიფამ უკრაინასა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს სეზონის სხვა ქვეყნის კლუბებში დასრულების უფლება მისცა. სწორედ ამ წესით ისარგებლა გიორგი წიტაიშვილმაც.

წიტაიშვილს უკრაინის U20 ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული

გიორგი წიტაიშვილმა ოდესის ჩერნომორეცის მაისურით უკრაინის ჩემპიონატის 13 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს კიევის დინამოსთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

გიორგი კიევის დინამოს აკადემიის აღზრდილია და ბოლო დრომდე უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა, 20-წლამდელთა შორის კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. მოგვიანებით ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა გადაწყვიტა და შარშან შემოდგომიდან მოყოლებული, მისი მაისურით უკვე 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

გიოს ოდესის ჩერნომორეცის დატოვება ომის გამო მოუხდა

კრაკოვის ვისლა პოლონეთის ექსტრაკლასაში დარჩენისთვის იბრძვის. გუნდს 27 ჩატარებულ მატჩში 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები