Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგა | მანჩესტერ სიტი 1:0 ატლეტიკო
  • მატჩის ბედი კევინ დე ბრუინის გოლმა გადაწყვიტა

ჩემპიონთა ლიგა 1/4-ფინალური ეტაპით განახლდა, რომლის პირველ სათამაშო დღეს მანჩესტერ სიტიმ მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

თამაში არ გამოდგა სანახაობრივი, სახიფათო მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა. სიტი ბურთს ფლობდა, ატლეტიკო საჯარიმოსთან მჭიდროდ იყო განლაგებული და მეტოქის შეტევებს მოედნის ამ ნაწილში იგერიებდა, კონტრშეტევებზე კი პრაქტიკულად ვერც გადადიოდა.

გამონაკლისი ერთადერთი მომენტი გამოდგა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა კიდეც. 70-ე წუთზე ფილ ფოდენმა, რომელიც თამაშში 2 წუთის ჩართული იყო, შესანიშნავი პასით მონახა მადრიდელთა დაცვაში იშვიათი სივრცე და კევინ დე ბრუინი ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა. სიტის ბელგიელმა ლიდერმა კი ბოძებული შანსი არ გაანიავა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

დე ბრუინის გადამწყვეტი დარტყმა

რა თქმა უნდა, წყვილში ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც 13 აპრილს, მადრიდში გაიმართება. მოგეხსენებათ, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესი უკვე აღარ მოქმედებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

საინტერესო ფაქტები

მადრიდის ატლეტიკოს პირველ ტაიმში არცერთი დარტყმა არ ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოხდა, რომ "როხიბლანკომ" პირველი ნახევარი დარტყმის გარეშე დაასრულა (2003/04 წლების სეზონიდან, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან).

⚽ დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით ატლეტიკომ პირველად დაასრულა თამაში დარტყმის გარეშე (ყველა ტურნირზე).

⚽ მას შემდეგ, რაც ამ მონაცემებს აღწერენ (2003/04 წლების სეზონიდან), დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როცა ერთმა გუნდმა კარისკენ დარტყმა ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ოთხიდან სამ შემთხვევაში პეპ გვარდიოლა იყო იმ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც კარისკენ ვერ დაურტყეს.

⚽ ფილ ფოდენმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-7 საგოლე პასი გააკეთა. მხოლოდ სესკ ფაბრეგასს აქვს 21 წლის ან უფრო პატარა ასაკში ინგლისური კლუბის რიგებში უფრო მეტი საგოლე პასი მითვლილი: ფაბრეგასი 10, ფოდენი 7, უოლკოტი 6, სტერლინგი 5, ალექსანდერ-არნოლდი 5.

მანჩესტერ სიტი 1:0 ატლეტიკო

გოლი: 1:0 დე ბრუინი (70)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - სტოუნსი, ლაპორტი, აკე, კანსელუ - დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი (68. გრილიში) - მაჰრეზი (68, ფოდენი), სტერლინგი (68. გაბრიელ ჟეზუში), სილვა.

ატლეტიკო (5-3-2): ობლაკი - ვრსალიკო, ფელიპე, სავიჩი, მანდავა, რენან ლოდი - ლორენტე (60. კუნია), კონდოგბია, კოკე (60. დე პაული) - ჟოაო ფელიქსი (81. ლემარი), გრიზმანი (60. კორეა).

კომენტარები

ბოლო ამბები