Thumbnail
  • ანორთოსისი 1:0 აპოელ | თემურ ქეცბაიას გუნდი თასის ნახევარფინალშია
  • ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფამაგუსტას ანორთოსისი კვიპროსის თასის ნახევარფინალში გავიდა, თან ზედიზედ მესამედ. თემურ ქეცბაიას გუნდმა 1/4-ფინალში ნიქოზიის აპოელ-ის ბარიერი დაძლია.

პირველი მატჩი აპოელ-ს შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ანორთოსისმა შინ ამირ ვარდას ერთადერთი გოლით მოიგო და მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლით გავიდა (ეს წესი კვიპროსში ჯერ კიდევ მოქმედებს).

გიორგი ლორია სათადარიგო სკამზე იყო, გიორგი ქვილითაიასა და ბუბა დაუშვილს ტრავმა აქვთ და არ უთამაშიათ, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. თუმცა, ამ შეხვედრამ სხვა მხრივ მიიქცია ყურადღება - აპოელ-ს 4(!) ფეხბურთელი გაუძევეს და თამაში 7 ფეხბურთელით დაასრულა. დაძაბულობა არც საფინალო სასტევნის შემდეგ გამქრალა და ფეხბურთელებმა იჩხუბეს.

აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი მატჩის შემდეგ მკაფიო განცხადებებს არ მოერიდა

მე-6 წუთზე ნიქოზიელებს ლეო ნატელი გაუგდეს, რომელმაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 34-ე და 36-ე წუთზე დანილო ორჯერ გააფრთხილეს და ამგვარად, აპოელ-ი პირველივე ტაიმში მოედანზე 9 კაცით დარჩა. 68-ე წუთზე მე-2 ყვითელი ბარათის გამო ვინისიუსი, ხოლო 73-ე წუთზე ლუკასი გააძევეს და ანორთოსისს ბოლო 17 წუთი მოედანზე 4 ფეხბურთელით მეტი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ფეხბურთელი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო, ბრაზილიელია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2 აპრილს ანორთოსისმა აპოელ-ი ჩემპიონატის ეგიდით 4:1 დაამარცხა.

"სამი დღის წინ ვთქვი, რომ ანორთოსისმა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ამჯერად თამაშის ანალიზს არ დავიწყებ, რადგან ეს უბრალოდ არ არსებობს. მსაჯმა არ შეიძლება თამაში ასე გააფუჭოს. არ შეიძლება გუნდის დატოვება 7 ფეხბურთელით. ჩემს მოთამაშეებს მადლობას ვუხდი, რომ ასეთ პირობებში იბრძოლეს. მსაჯმა დღეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა", - თქვა აპოელ-ის მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტუსმა.

ანორთოსისის მეტოქე კვიპროსის თასის ნახევარფინალში მოგვიანებით გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები