Thumbnail
  • ლეიკერსის წლევანდელმა ფიასკომ კობი და 9 წლის წინანდელი ამბავი გაგვახსენა
  • შავი მამბა სხვა თაობის წარმომადგენელი, სხვა ფასეულობების მატარებელი იყო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

4 აპრილი, ლოს ანჯელესი. ლეიკერსი დენვერთან სახლში თავის არენაზე აგებს. აგებს ზედიზედ მეექვსედ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სეზონში კალიფორნიული გრანდი პლეი ოფში კი არა, გადათამაშების ზონაშიც ვერ მოხვდება.

პარკეტზე დევისი და ვესტბრუკი წვალობენ, ტრიბუნაზეა ლებრონი - სუპერსტარული იმიჯით და არცთუ ცუდ ხასიათზე. გასაგებია, წლევანდელი ლეიკერსი იმდენად დიდი იმედგაცრუებაა, რომ გუნდზე მეტად ცირკს გავს. როცა უკვე 48-ჯერ წააგე, აღარც მორიგ მარცხზე ღელავ. ისედაც, ლეიკერსის საპლეიოფო შანსი მხოლოდ 10%-ით ფასდებოდა, ის პრაქტიკულზე მეტად თეორიული იყო.

მაგრამ გულშემატკივარს ვერ მოატყუებ. ნაღდი გულშემატკივარი თამაშს ემოციებით გრძნობს და ცოცხლობს და არა სტატისტიკით. "ლებრონ, კობი ამ შეხვედრას ითამაშებდა", - ტრიბუნებზე ასეთი ბანერიც ჩანდა.

'ლებრონ, კობი დღეს ითამაშებდა' - გულშემატკივრის რეაქცია

ამ გულშემატკივრულ ემოციებში დარჩენილია 9 წლის წინანდელი ამბავი. მაშინაც ლეიკერსი წლის მთავარი იმედგაცრუება იყო, მაშინაც ვარსკვლავურ გუნდს არაფერი გამოსდიოდა, მაშინაც სასწორზე პლეი ოფში გასვლა-არგასვლა იდო. უბრალოდ, მაშინ ლეიკერსის ლიდერი, გაჭიმული მუხლით, სათადარიგო სკამზე არ იჯდა.

მაშინ კობი ბრაიანტმა, 34 წლის ასაკში, 54 ათასი ნათამაშები წუთის და 5 ჩემპიონობის მიუხედავად, უბრალოდ უარი თქვა დაეშვა, რომ ლეიკერსი პლეი ოფში ვერ მოხვდებოდა. არაერთი ტრავმის, არაადამიანური გადაღლილობის და დაძაბულობის მიუხედავად, მამბამ ლეიკერსი პირადად გაიყვანა პლეი ოფში და ამ ბრძოლაში აქილევსიც "დატოვა".

ამ ამბავზე იმდენად კარგი სტატიაა დაწერილი, რომ რამდენიმე წლის წინ ვთარგმნე - ამაზე უკეთ ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად, ჩემი საყვარელი კობი ბრაიანტი ლეიკერსის დიდ და საჩემპიონო გუნდებს არ უკავშირდება. ყველაზე მეტად კობის ცუდი გუნდები მახსოვს და მიყვარს. როდესაც ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ მარტო მიდიოდა. რატომღაც ამ სეზონების კობი უფრო ჩემია. ძალიან დიდი კაცი შეუსრულებელი მისიის წინაშე რომ აღმოჩნდება და ყველაფრის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ერთვება, ეპიკური და დიადი სანახავია. 8 წლის წინაც ეს ისტორია იყო.

რა თქმა უნდა, ითამაშებდა! რას მეუბნებით, კობი ბრაიანტი გადავსებული მშობლიური არენის ტრიბუნაზე მომღიმარი დაჯდებოდა და გაჭიმული მუხლის გამო შეხვედრას გამოტოვებდა?! ითამაშებდა და ლეიკერსიც ალბათ პლეი ოფში იქნებოდა. ითამაშებდა, მიუხედავად ყველა ტკივილის, დაღლილობისა და გაჭიმულობისა. 48 წუთსაც ითამაშებდა და თამაშსაც მარტო მოიგებდა. კობის ასეთი თამაშები ყველას ათეულობით გვაქვს ნანახი. კობის სამყაროში გაჭიმული მუხლის ტრავმა არ არის - ფეხზე ადგომა თუ შეგიძლია, უნდა ადგე და ითამაშო. მეც ამის მჯერა.

ერთი სხვაობაც: 10 დღის წინ ლებრონმა მუხლი რომ გაიჭიმა, გვითხრა, რომ ძალიან ეტკინა და თამაშს როდის შეძლებდა, არ იცოდა. ეტკინა?! ვინმეს გახსოვთ, კობის თავის ტრავმებსა და ტკივილზე ესაუბრა? "ყველაფერი კარგად არის", - ამ სტილში იქნებოდა მისი პასუხი. ფეხზე თუ დგახარ, ე.ი. კარგად ხარ და თამაშიც შეგიძლია - მამბაიზმის საფუძვლების მიხედვით ასეა.

გაწყვეტილი 'აქილევსის მყესის' შემდეგ

12 აპრილი იყო, გაწყვეტილი "აქილევსის მყესით" ჯერ ფეხზე რომ ადგა, მერე ორი საჯარიმო სროლა შეასრულა და შემდეგ თავისი ფეხით მივიდა სათადარიგო სკამამდე. დახმარებაზე ყველას უარი უთხრა - დამოუკიდებლად მივიდა. წინა ევროპის ჩემპიონატზე საკაცეზე ლეონარდო სპინაცოლას ცრემლებიანი სახე თუ გახსოვთ, აი, ეს არის "აქილევსის მყესის" გაწყვეტაზე ბუნებრივი, ადამიანური რეაქცია. ისე გტკივა, თითქოს ტყვია მოგარტყეს. ამ დროს ვერ დადიხარ და ვერც ჯარიმებს ისვრი, თუ, რა თქმა უნდა, ზეადამიანი და ტერმინატორი კობი ბრაიანტი არ ხარ.

"ერთადერთი რამ არის ატომურ ენერგიაზე ძლიერი, ეს ადამიანური ნებისყოფაა", - უყვარდა ჟოზე მოურინიოს თავისი ფეხბურთელებისთვის ამის შეხსენება, ამ საუკუნის დასაწყისში თავის ბეტონივით გუნდებს რომ აშენებდა მაშინ. ლეიკერსის არენას ასეთი ისტორიები უნახავს და ახლა ამ ხალხს გაჭიმული მუხლით ვერ მოატყუებ. რა გაჭიმული მუხლი?!

ლეიკერსის გარშემო ყველაფერს ჰოლივუდური შარავანდედი აქვს. ჰოლივუდის ენაზე გეტყვით:  წლევანდელი ლეიკერსი ცუდ კომედიას გავდა - ნელ-ნელა ფარსში რომ გადადის, ისეთს. როცა ფილმი იმდენად მდარე ხარისხისაა, რომ მსახიობები უგულოდ და უნიჭოდ ასრულებენ თავიანთ როლებს. კობის ლეიკერსის თითოელი მარცხი ტრაგედია იყო - ომის წაგებასავით გამოიყურებოდა, თითქოს სამყარო სრულდებოდა. ეს ემოცია და ენერგეტიკა კობიმ მისცა გუნდს.

ეს ლებრონის ბრალი არ არის, პირიქით, ჯეიმსი ამ სეზონშიც ტრადიციულად დიდებული იყო, ინდივიდალურ დონეზე. ლებრონზე ცუდის სათქმელად ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს, თუ კალათბურთი გიყვარს?! უბრალოდ, სხვა დროა და სხვა თაობა. რასელ ვესტბრუკი ამტკიცებს, რომ საერთოდ არ ედარდება, წაგების გამო ხალხი რომ აკრიტიკებს. მთელი წელია, ენტონი დევისი ჯანზე და ხასიათზე ვერ არის. ჯეიმს ჰარდენს რაღაც არ მოეწონა ბრუკლინში და ფილადელფიაში წავიდა. კაირი ირვინგის თავი კალათბურთის გარდა ყველა სხვა საკითხით არის დაკავებული და ამიტომაც, უნდა თამაშობს, უნდა - არა. სხვა თაობაა. კალათბურთს ჯადოსნურად თამაშობენ, მაგრამ მათთვის მოგება-წაგება სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი აღარ არის.

მამბას დროს ასე არ იყო. ამიტომაც დატოვა პლეი ოფისთვის ბრძოლაში თავისი ჯანმრთელობაც და ყველაფერი, რაც ჰქონდა. პლეი ოფზე კი არ არის საქმე, არამედ იმაზე, რისი გჯერა და სამყაროს როგორ უყურებ. პირველ რიგში, საკუთარ თავთან ბრძოლასა და არდანებებაზე. ამიტომაც, მაგარ კალათბურთს ისევ ნახავთ, მაგრამ კობის - ვეღარ.

მაგრად მომენატრე, bro.

კომენტარები

ბოლო ამბები