Thumbnail

Amnesty International: ფიფა ყატარში მუშათა ჩაგვრით სარგებელს იღებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ ყატარში იმიგრანტებს მანქანებივით ამუშავებენ
  • წყაროს ცნობით, ფიფა ადამიანთა ჩაგვრით სარგებელს იღებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია "Amnesty International-მა" 74-გვერდიანი რეპორტი გამოაქვეყნა, რომელიც ყატარში გასამართ მსოფლიოს თასს ეხება და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანი იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდა .

როგორც The Athletic წერს, კვლევა შეეხება 8 კომპანიაში დასაქმებულ მიგრანტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათ პირუტყვებივით ექცევიან და მანქანების მსგავს შრომას სთხოვენ. ორგანიზაცია ფიფასა და მის პარტნიორ ყატარის მთავრობას ამ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების გამო აკრიტიკებს და ასევე იმის გამო, რომ ძალადობის უამრავ ფაქტთან მიმართებით რეაგირება არ ჰქონდა. 

Amnesty International-ის მტკიცებით, ფიფამ და ყატარის უმაღლესმა კომიტეტმა ამ კომპანიებისაგან უდიდესი სარგებელი მიიღეს, კომპანიებისგან, რომლებიც ყატარში მიმდინარე მშენებლობებს წარმართავენ, მშრომელებს კი არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ და აცხოვრებენ. რეპორტში აღნიშნულია, რომ მშრომელებს სამუშაოს დაწყების მომენტიდან დასვენების დღეს არ აძლევენ, რაც ყატარისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა.

ტექსტში მოყვანილია ერთ-ერთი მუშის ციტატა: "12-საათიანი სამუშაო ცვლის შემდეგ ავტობუსებით ტრენინგ ცენტრში გადავყავდით. იქ 8 საათი ერთ ოთახში ვისხედით, ტრენინგი დილის 5 საათამდე გრძელდებოდა. მხოლოდ 4 საათით ვახერხებდით ძილს, 9 საათზე ისევ მუშაობა უნდა დაგვეწყო. ისე გვამუშავებდნენ, როგორც მანქანებს."

რეპორტში ისიც აღნიშნულია, რომ სუბსაჰარის ქვეყნებიდან სამუშაოდ ყატარში ჩასულ მიგრანტებს კომპანიები ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებაში გაცილებით დაბალ ხელფასს უხდიდნენ, ვიდრე ადგილობრივ ან არაბ მუშებს. 

2022 წლის მუნდიალი 21 ნოემბერს დაიწყება და გახსნით მატჩში ერთმანეთს სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრები გუნდები შეხვდებიან. ყატარი კი ამავე დღეს, მოგვიანებით, ეკვადორს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები